ახალი ამბები

ივანიშვილის „ბურჯს“ ახალი მფლობელისთვის ამზადებენ

6 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილის „ბურჯს“ ახალი მფლობელისთვის ამზადებენ

„ბურჯი“ ახალი მფლობელისთვის გადასაცემად მზადდება და ქონების აღწერა ამიტომ  მიმდინარეობს,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“  აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა.

 

მისი თქმით, ქონების აღწერის პროცესი საკმაოდ შრომატევადია, რადგან „ბურჯის“ ობიექტებზე სხვა ბიზნესსუბიექტების ქონებაც არის განთავსებული.

 

რაც შეეხება „ბურჯის“ ახალ მფლობელს, მისი ვინაობა 12 აგვისტოს გახდება ცნობილი:

 

„12 აგვისტოდან „ბურჯში“ ახალი მფლობელი იმ შემთხვევაში შევა, თუ აუქციონზე დაფიქსირებულ თანხას სრულად გადაიხდის,“ – ამბობს ლილუაშვილი.

 

ელექტრონული აუქციონი შ.პ.ს „ბურჯის“ ქონებაზე 2 აგვისტოს დასრულდა. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელმაც აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად შეიძინა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, აუქციონზე გამარჯვებულმა თანხა 10 დღის განმავლობაში სრულად უნდა დაფაროს, რის შემდეგაც გახდება ქონების საბოლოოდ შემძენი.  

 

„შემძენს ქონება უნდა გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფართების გამოთავისუფლებასა და მათ მომზადებას ახალი მესაკუთრისათვის გადასაცემად,“ – ამბობს ლილუაშვილი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული #4/2756- 12 და 4/2751-12 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, შპს ,,ბურჯს“ ჯარიმის სახით დაეკისრა 11 018 105 ლარის გადახდა.  კომპანიას ასევე გადასახდელად დაეკისრა აღსრულების საფასური 771 267,35 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც განხორციელდა შპს „ბურჯის“ ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანა. აუქციონზე  აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად გაიყიდა. „ბურჯის“ ქონების საწყისი ფასი კი 5 153 831.50 ლარს შეადგენდა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 203 ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, „ბურჯის“ ქონებიდან  გაყიდულია– ახვლედიანის #211-ში მდებარე 12 ათასი კვ.მ ფართი; თბილისში, სამგორის ჩიხი #14-ში მდებარე სასაწყობე ფართი 9 ათას 43 კვადრატული მეტრი; საჩხერეში მდებარე 2300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 30 კვ.მ შენობა; საჩხერეში – ფეიქართა გორაზე 1990 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; საჩხერეში – ფეიქართა გორაზე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისში, სოლოლაკის ხეივანი #6-ში მდებარე 473 კვ.მ შენობის ფართი; თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის #42-ში მდებარე 10 ათას 482 კვ.მ მიწის ფართობი.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს “ბურჯი” 2012 წლის 7 ივლისს სამართალდამრღვევად ცნო და კომპანიის საბანკო ანგარიშები და ქონება დააყადაღა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,  შპს “ბურჯმა” 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს ემსახურება, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.

 

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს “ბურჯის” სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დასადასტურებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი