ახალი ამბები

ზაქარეიშვილის თქმით, პარტიის დატოვების შემდეგ მთავრობაში მუშაობას სთავაზობდნენ

1 ნოემბერი, 2016 •
ზაქარეიშვილის თქმით, პარტიის  დატოვების შემდეგ მთავრობაში მუშაობას სთავაზობდნენ

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების შემდეგ, მთავრობაში პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა. ამის შესახებ მან დღეს, 1 ნოემბერს “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, მისი და “რესპუბლიკური პარტიის”  ხედვები თანხვედრაში არ იყო:

“ჩემი სტრატეგიული ხედვები, პრაქტიკულად, ასცდა პარტიის ხედვებს, რამაც კრახამდე მიგვიყვანა, დამარცხებაზე უფრო მეტი მივიღეთ. ეს სწორედ იმ პოლიტიკის შედეგი იყო, რასაც პარტიაში ვეწინააღმდეგებოდი. უმცირესობაში აღვმოჩნდი და ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი პარტიულ ცხოვრებაში არ არის. მე ძალიან მიყვარს ეს ხალხი, დიდ პატივს ვცემ, გულნატკენი არ ვარ. სხვაგან წასვლას არ ვაპირებ, საქართველოში ერთადერთი ნორმალური პარტია მაინც “რესპუბლიკური პარტია” მგონია”.

ზაქარეიშვილის განმარტებით, “რესპუბლიკური პარტია” მთავრობას არ იცავდა:

“ჩვენ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდით კოალიციაში ყოფნას. “რესპუბლიკური პარტიის” უმრავლესობაში მაინც იყო განწყობა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ვყოფილიყავით ხელისუფლებისადმი. როცა ვინმე ხელისუფლებას აკრიტიკებდა, იმის მაგივრად, რომ პოზიციები დაგვეცვა, უკან ვიხევდით. კრიტიკაში იყო ლოგიკა, მაგრამ თუ ხელისუფლებაში ხარ, რაღაცნაირად პასუხისმგებლობა უნდა აიღო და შეეწინააღმდეგო ამას. პრობლემებზე, კოალიციის შიგნით მსჯელობის ნაცვლად, გარედან ვუკიჟინებდით. ეს დამოკიდებულება საგარეჯოს არჩევნების დროს დავაფიქსირე. აქედან მოყოლებული მინდოდა, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ პარტიული ცხოვრებიდან გავსულიყავი. ნუ, თუ ხელისუფლებაში დავრჩებოდით, პარტიას არ დავტოვებდი. ასეთი ნაბიჯის გადადგმა არჩევნების ჩატარების შემდეგ სჯობია, არჩევნების წინ ყოვლად დაუშვებელი იყო პარტიის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მე და ჩემი ოჯახი დავზარალდით”.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მან “რესპუბლიკური პარტია” 12 ოქტომბერს დატოვა, რის შემდეგაც “ქართული ოცნებიდან” შეთავაზება მიიღო:

“არჩევნების შემდეგ ჩემმა მეგობრებმა, ძვირფასმა ადამიანებმა აღმასრულებელ სტრუქტურაში შემომთავაზეს, ქართული გაგებით,  ძალიან კარგი თანამდებობა. განვიხილე, მადლობა ვუთხარი და უარი ვთქვი, რადგან იქ ჩემი თავი ვერ დავინახე. ახლა სახლში ვზივარ. იანვრიდან რაღაც პროექტები შეიძლება იყოს, რაღაც მოლოდინები მაქვს. ახლა არ მილხინს, ვარ გარკვეულ მოლოდინებში, ვალებს ვიღებ, ვისტუმრებ და ამ საქმით ვარ გატაცებული.”

29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა, რომელიც იყო რეპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2013 წლამდე და 2016 წლის არჩევნებში პროპორციული სიის პირველი ნომერი, რესპუბლიკური პარტია დატოვა.  იმავე დღეს პარტია ფრიდონ საყვარელიძემაც დატოვა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის,  ხათუნა სამნიძის განაცხადებით,  პარტიას სჭირდება არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი, არამედ მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა.

“ვფიქრობ, ჩვენს პარტიას სჭირდება მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი. ჩვენ 2008-ში, ძალიან მძიმე პერიოდში, მივიღეთ 69 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა, ჩვენ ეს ამომრჩევლები დავკარგეთ და გვაქვს 27 ათასი ადამიანის მხარდაჭერა. ეს ჩემთვის არის სიგნალი, რომ ადამიანებმა, მაშინ, როცა ხედავდნენ პარტიის ძალიან მკვეთრ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პოლტიკას, პარტიის ამ ოთხწლიან პოლიტიკაში ვერ დაინახეს და შესაბამისი პასუხი გაგვცეს. ეს არ არის ერთადერთი კომპონენტი ამ შედეგის, ბუნებრივია. წინასაარჩევნო კამპანიას თუ გავისხენებთ, ეს იყო მტრული, შავ-თეთრი, მტრის ხატზე დაფუძნებული. ამანაც იმოქმედა”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი