ახალი ამბები

თბილისის საკაბელო ოპერატორები მზად არიან ჩართონ “მე–9 არხი”, “მაესტრო” და “კავკასია”

2 აგვისტო, 2012 •
თბილისის საკაბელო ოპერატორები მზად არიან ჩართონ “მე–9 არხი”, “მაესტრო” და “კავკასია”
საკაბელო ოპერატორი “სუპერ TV”–ის წარმომადგენელი ‘ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ მათ არანაირი შეფერხება არ აქვთ და ისინი დღის ბოლომდე შეძლებენ მე–9 არხის ჩართვას.  
 
 
“საკაბელო ოპერატორს არანაირი ტექნიკური შეფერხება არ ექნება. შესაბამისი ღონისძიებები დღეს გატარდება და არხი, რომელიც მოგვმართავს ჩართვაზე და ექნება შესაბამისი ლიცენზია შესაბამის ტერიტორიაზე, მოხდება მათი ჩართვა. ამ წუთებში დარეკილი აქვს ‘მე–9 არხს’ და შესაბამისად, მიმდინარეობს მათთან ტექნიკური პარამეტრების გაცვლა. მონაცემებს მოგვაწვდიან და მათთაც ჩავრთავთ.
თუ რაიმე სახის ტექნიკური შეფერხება არ იყო არხების მხრიდან, ჩვენ არანაირი შეფერხება არ გვექნება”, – აღნიშნავენ “სუპერ TV”–ში.

 
საკაბელო ოპერატორის GNN–ის წარმომადგენელი კი აღნიშნავს, რომ მათ უკვე ჩართული აქვთ ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე არხები.
 
“გუშინ დაგვიბარა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ და გაგვაფრთხილა, რომ უნდა ჩავრთოთ ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე არხები. ჩვენ უკვე ჩავრთეთ მე–9 არხი. საიტზე არხების ჩამონათვალში ჯერ არ დევს, იმიტომ რომ უეცრად გამოცხადდა და ვერ მოვასწარით საიტზე მისი განთავსება. მალე საიტზეც დაიდება”, – ამბობენ “GNN”– ში.
 
“კავკასუს ტვ” კი დღეს 18:00 საათიდან ჩართავენ “მეცხრე არხსა” და “მაესტროს” თავიანთ ქსელში.
 
‘ჩვენ ნამდვილად მივიღეთ სამდღიანი ვადა და ჩართვის პროცესი ჩვენთან დღეს იწყება; ჩართვის თხოვნით ამ დროისათვის ოფიციალურად, წერილობით მოგვმართეს მეცხრე არხმა და მაესტრომ; ამ არხების მაუწყებლობა კავკასუს ტვ–ზე დღეს 18 საათიდან დაიწყება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს”  “კავკასუს ოლაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რუსუდან კაპანაძემ.  

 
საკაბელო ოპერატორი “მედია TV”–ის განცხადებით, მათ გარკვეული ტექნიკური შეფერხება აქვთ მე–9 არხის ჩართვასთან დაკავშირებით, თუმცა, იმედოვნებენ, რომ ხვალ დღის ბოლომდე ეს პრობლემაც აღმოიფხვრება.  
 
“მე–9 არხმა მოგვმართა, მაესტრო და დანარჩენი ტელევიზიები ჩვენ ჩართული გვაქვს. ტექნიკურად მცირე შეფერხება გვაქვს, და ალბათ, გამოსწორდება. ხვალ დღის ბოლომდე ჩავსვამთ პაკეტში მე–9 არხსაც”, – აღნიშნავენ “მედია TV”–ში.
 
‘’სილქნეტის’’ პრესსამსახურის უფროსის ნინო დარასელის განცხადებით, სილქნეტი იღებს ვალდებულებას ‘’საქართველოს საარჩევნო კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების თანახმად,  მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა ძირითად პაკეტში განათავსოს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელე– არხები.
 
“მაუწყებლის ჩართვა განხორციელდება დაუყოვნებლივ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მომენტიდან, როცა ტელეკომპანიის მხრიდან წარმოდგენილი იქნება იმ ჩართვის მოთხოვნა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია და მოწყობილობა. მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტში ტელეარხის განთავსება ხდება მაუწყებლის მოთხოვნით არჩევნების დღემდე.

 
ამ ეტაპზე ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ უკვე  მიმართა სილქნეტს ჩართვის მოთხოვნით და კანონით დადგენილი პროცედურების დასრულებისთანავე უახლოეს პერიოდში სილქტვ-ის ნებისმიერი პაკეტის  მაყურებელს ექნება საშუალება მიიღოს ამ არხის სიგნალი, ყოველგვარი დამატებითი ტარიფის გარეშე”, – აღნიშნავენ “სილქნეტში”.
 
 
“გლობალ ტივის” განვითარების დირექტორი ზურაბ ბაზლიძე კი აღნიშნავს, რომ “რუსთავი 2”–თან სასამართლო დავის მიუხედავად, აღნიშნული ტელევიზია უკვე სამაუწყებლო პაკეტში ჩასვეს.  
 
“დიახ, ჩვენ მოგვმართა “რუსთავი 2–მა” და სურვილი გამოთქვეს, რომ აღგვედღინა მისი მაუწყებლობა ჩვენს სამაუწყებლო პაკეტში. თქვენ იცით, რომ ჩვენ მათთან გვაქვს სასამართლო დავის პროცესი.  მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მზად ვართ ყველაფრისთვის. მაგრამ რადგანაც ვიმყოფებით დავის პროცესში, უმჯობესი იქნებოდა ჩვენი სურვილები დაგვეკმაყოფილებინა წერილობით. თუმცა, მათ ამაზე უარი განაცხადეს. ეს პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენთვის. დღეს რუსთავი 2 და ტელეკომპანია “საქართველოს” მაუწყებლობა აღვადგინეთ, ხვალიდან ასევე აღდგება ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობაც, მნიშვნელობა არ აქვს მოგვმართავენ, თუ არა ისინი წერილობით”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” ბაზლიძე.
 
 
3 აგვისტოდან საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საკაბელო ტელევიზიების მომსახურებით სარგებლობს, საშუალება ექნება, საერთო ეროვნული მაუწყებლების გარდა, ინფორმაცია მიიღოს ისეთი ტელევიზიებიდან, როგორიცაა, მაგალითად, “მაესტრო”, “კავკასია” და “მე-9 არხი”.
 
მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ლიცენზირებული საერთო მაუწყებლების სავალდებულო ჩართვას საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი ავალდებულებს, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან “Must Carry”-ის შესახებ წარმოებული კამპანიის შედეგად იქნა მიღებული.
 
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის.
 
აღნიშნული ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.
 
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საპარლამენტო  არჩევნები საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარდება.

  

მასალების გადაბეჭდვის წესი