ახალი ამბები

“ბანკი ქართუ” სასამართლომ 399 755 დოლარით დააჯარიმა

3 აგვისტო, 2012 •
“ბანკი ქართუ” სასამართლომ 399 755 დოლარით დააჯარიმა
“ბანკ ქართუს” იურისტი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ბანკი არ აპირებს  ჯარიმის გადახდას და სხვა სამართლებრივ გზებს ეძებს.

 
“მოქალაქე ვარდუკაძის საქმე 2002 წლის 30 მაისს იწყება, როცა მან “ბანკ ქართუსთან” დადებული ხელშეკრულების თანახმად, მიიღო კრედიტი 163 343 აშშ დოლარის ოდენობით და მის უზრუნველსაყოფად დააგირავა ძვირფასეულობა, შეფასებული 168 938 დოლარად. 2003 წლის 7 მარტს კრედეტის თანხა გაიზარდა 215 567 დოლარამდე, რომლის ნაწილი მოვალემ 2003 წლის 1 ოქტომბრისთვის დაფარა და დავალიანება დარჩა 133 190 დოლარი.  

 
ვარდუკაძემ თბილისის პროკურატურაში შეიტანა საჩივარი “ბანკ ქართუში” არსებული მისი ძვირფასეულობის დაკარგვის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა 2005 წლის 15 მარტს კახაბერ ვარდუკაძის თანდასწრებით, აღრიცხეს და შეამოწმეს დაგირავებული ნივთები. ფაქტობრივად არსებული ძვირფასეულობა და ელექტრონული მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ძვირფასეულობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 171 პაკეტიდან ერთ პაკეტში კენჭები იყო, 53 პაკეტში ბიჟუტერია, ხოლო დანარჩენ სათავსოებში ოქროს ნივთები ინახებოდა”, – აღნიშნა ვარდუკაძემ.

 
კახაბერ ვარდუკაძემ “ბანკი ქართუს” წინააღმდეგ სასარჩელო წარმოება დაიწყო, თითქოს ბანკმა დაკარგა ქონება, ვერ უზრუნველყო ძვირფასეულობის დაცვა და მიყენებული ზიანის 586 173,44 დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.

 
“ეს სასამართლო დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. 2008 წლის 16 ივნისს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კახაბერ ვარდუკაძე ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი სხვისი ნივთების მითვისებაში და აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვის ვადით დაუსწრებლად დაპატიმრება შეეფარდა. ამის შემდეგ ვარდუკაძე გამოცხადდა საგამოძიებო დეპარტამენტში და აღიარა დანაშაული – ბანკის ორ თანამშრომელთან ერთად კრედიტის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ძვირფასეულობისა და ფულის მითვისება.

 
2008 წლის 25 ივლისს საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და კახაბერ ვარდუკაძე დამნაშავედ ცნეს. საქმის ხელახალი მოსმენა განახლდა, მაგრამ საბოლოოდ, 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, მხარეთა მიერ სარჩელებზე უარის გამო, შეწყდა. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ვარდუკაძეს დაუბრუნდა 7 788 აშშ დოლარის ძვირფასეულობა.

 
2012 წლის 3 ივილსს ვარდუკაძემ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, ახლად აღმოჩენილი გარემოებების მიზეზით”, – განაცხადა იურისტმა მათიკაშვილმა და დასძინა, რომ  უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა:
 
 
“მან დაარღვია ყველა საპროცესო ნორმა და “ბანკ ქართუს” დააკისრა უზარმაზარი ჯარიმა, რაც არის სრული უკანონობა და ბანკის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.”   

მასალების გადაბეჭდვის წესი