ახალი ამბები

ვარძელაშვილის უწყებაში შუკვანის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ

2 აგვისტო, 2012 •
ვარძელაშვილის უწყებაში შუკვანის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ

“საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ლონდონის ოლიმპიადაზე საპატიო სტუმრების სტატუსით იმყოფებიან და მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტების არანაირი უფლება არ აქვთ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენს წარმატებული ასპარეზობისთვის.

 

“რაც შეეხება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ დღეს წამოყენებულ ბრალდებებს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპორტსმენებს, რომ გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა და საკუთარ სპორტულ წარმატებებს თუ წარუმატებლობას ნუ გამოიყენებენ იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

ლონდონის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნებულმა სპორტსმენმა, ბეთქილ შუკვანმა დღეს “ქართული ოცნების” სპიკერთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მასზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილისგან და მისი მეგობრისგან, გია უდესიანისგან.

 

შუკვანის თქმით, უდესიანი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მის სანახავად სასტუმროში, ოლიმპიურ სოფელში:
 
“გადავწყვიტე, მოვრიდებოდი კონფლიქტს და აღარ შევხვდი მას. ერთ–ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში და მისი დახმარებით დავბრუნდი საქართველოში. მან დამიჯავშნა ბილეთი და წამოვედი საქართველოში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი