ახალი ამბები

ოლიმპიადიდან დაბრუნებული სპორტსმენი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს

2 აგვისტო, 2012 •
ოლიმპიადიდან დაბრუნებული სპორტსმენი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს
შუკვანი ამბობს, რომ 22 ივნისს, როცა უკვე გადაწყვეტილი იყო მისი მონაწილეობა ლონდონის ოლიმპიადაში, ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. შუკვანმა დღეს ლონდონში განვითარებულ მოვლენებზე “ქართული ოცნების” სპიკერთან ერთად საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
 
 
“ბეთქილი აპირებდა, რომ თავისი გამარჯვება “ქართული ოცნებისთვის” მიეძღვნა. ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მისი ამ განწყობის შესახებ. ჯერ კიდევ თვითმფრინავში, როდესაც მიფრინავდა გუნდი ლონდონის ოლიმპიადაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და მისმა მეგობარმა გია უდესიანმა მას აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით მიმართეს და არ მოიწონეს მისი მხარდარდაჭერა ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნებისადმი”. უდესიანმა “მეგობრული რჩევა” მისცა, “ქართული ოცნებისადმი” მხარდაჭერა არ გამოეხატა და არ გაჰკარებოდა არავის, ვინც “ქართულ ოცნებას” უკავშირდებოდა. ეს განმეორდა შეჯიბრის წინა დღესაც, მაშინ, როდესაც სპორტსმენს განსაკუთრებული სულიერი და მორალური მხარდაჭერა ესაჭიროება”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, “ქართული ოცნების” სპიკერმა.

 
ბეთქილ შუკვანის აზრით, ლონდონის ოლიმპიადაზე მისი მეორე შეხვედრის დროს ფრანგ მეტოქესთან მიკერძოებული მსაჯობის გამო დასრულდა მისი მარცხით.
 
 
“მიუხედავად იმისა, რომ ბეთქილს სტკოდა ხელი, მან მოიგო პირველი შეხვედრა და მან დაამარცხა ავსტრალიეილი მეტოქე, ხოლო მეორე შეხვედრა მას ჰქონდა ფრანგ სპორტსმენ სოფიან მილოუშჩთან. მიუხედავად იმისა, რომ მას აწუხებდა ტრავმა, თითქმის შეჯიბრის ბოლომდე წარმატებით ასპარეზობდა. მას ჰქონდა კარგი შედეგი და ყველა პირობა იმისა, რომ ამ შეჯიბრში გაემარჯვა. რაღაც მომენტში, როდესაც ტკივილმა იმატა და თითიდან სისხლი წამოუვიდა, რაც იმის ნიშანია, რომ მსაჯმა უნდა შეწყვიტოს შეჯიბრი და უნდა აცალოს სპოტსმენს, რომ მოუაროს თავის ჭრილობას, ეს სამწუხაროდ არ მოხდა. სულ 10 წამი რჩებოდა შეჯიბრის დასრულებამდე და მას გაუუქმეს ის ორი წარმატებული გდება, რომელიც ჰქონდა ამ შეჯიბრის განმავლობაში და იგი ამ შეჯიბრში დამარცხდა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 
ბეთქილ შუკვანი ამბობს, რომ მან მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს და დელეგაციას თხოვნით, რომ დელეგაციას მოეხდინა რეაგირება უსამართლო მსაჯობაზე, რაც რეაგირების გარეშე დარჩა.

 
“ამის შემდეგ ბეთქილი იყო სასტუმროში, ოლიმპიურ სოფელში, სადაც მას მიუტანეს ამბავი, რომ გარეთ ელოდებოდა უდესიანი 10 კაცთან ერთად. ბეთქილი მოერიდა უსიამოვნებას, სიტუაციის გამწვავებას და ფანჯრიდან გადახტა იმისთვის, რომ მათ არ შეხვედროდა და ისე დატოვა იქაურობა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
 
შუკვანის თქმით, უდესიანი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მის სანახავად სასტუმროში:
 
“გადავწყვიტე, მოვრიდებოდი კონფლიქტს და აღარ შევხვდი მას. ერთ–ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში და მისი დახმარებით დავბრუნდი საქართველოში. მან დამიჯავშნა ბილეთი და წამოვედი საქართველოში.”
 
 
“დელეგაციას არ უზრუნია მასზე არც ერთ მომენტში იმ ხნის განმავლობაში, როდესაც ის იყო ლონდონში. მისი ასპარეზობა არ გადაუციათ საქართველოს ტელევიზიით”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და აქვე დასძინა, რომ ეს ფაქტი არის კლასიკური ნიმუში იმ ტენდეციისა, რომ სპორტსმენები ამ ხელისუფლების მიერ იყოფიან საკუთარ და “ქართული ოცნების” მომხრე სპორტსმენებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი