“ალია ჰოლდინგის” მოსაზრებით, მედიაგამოცემის დასჯის მიზეზი ისაა, რომ “ალია” მუდმივად ამხელდა ხელისუფლებასა და მის ფავორიტებს, “თუნდაც ისეთ ფავორიტებს, როგიც ოთარ კობერიძეა და ისეთ დანაშაულში, რასაც პედოფილია ჰქვია”.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ალია ჰოლდინგი” 50 ათასი ლარით დააჯარიმა გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელიც მსახიობ ოთარ კობერიძეს პედოფილიასა და არასრულწლოვნების გარყვნაში ამხელდა.
“[მიხეილ სააკაშვილმა]სასამართლოს ცილისწამებად ჩაათვლევინა ის, რაზეც კობერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და რაზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს”, – წერს “ალია” სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემდეგ.
“ალია” ასევე აქვეყნებს ნაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებიდან, რომლის მიხედვითაც, ოთარ კობერიძის სარჩელი “ალიას” წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
“სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ სტატიებში სადავოდ მიჩნეული მოსაზრებები წარმოდგენილია რესპოდენტებთან ინტერვიუების სახით, კერძოდ, ელიზბარ ჯაველიძესთან, ჯანსუღ ჩარკვიანთან და სხვა ინკოგნიტო პირებთან. შესაბამისად, არც ერთი განცხადების ავტორი არ არის ჟურნალისტი, ხოლო რაც შეეხება თავად ჟურნალისტის მიერ სტატიაში გამოთქმულ აზრს და შეფასებებს, იგი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რის გამოც აზრის გამოთქმა არ იწვევს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას,”– წერია “ალიას” მიერ გამოქვეყნებულ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწყვეტში.
მსახიობმა ოთარ კობერიძემ “ალია ჰოლდინგს” რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამებისთვის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის შემოდგომაზე უჩივლა. კობერიძის ადვოკატის, ვახტანგ მაჭავარიანის თქმით, ამის მიზეზი 2011 წლის ზაფხულში გაზეთის რამდენიმე ნომერში გამოქვეყნებული სტატიები გახდა, სადაც ეწერა, რომ 1970–იან წლებში არასრულწოვანთა გარყვნისა და პედოფილიისთვის სასამართლომ ოთარ კობერიძე გაასამართლა. მაჭავარიანის თქმით, მან სააპელაციო სასამართლოში წარადგინა იმ დროს ერთ–ერთ საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის მასალები, რომლითაც დადასტურდა, რომ ამ საქმესთან ოთარ კობერიძეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
გაზეთი ასევე წერს, რომ მას ჯერ არ ჩაბარებია სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და ეს 20 დღიდან 1 თვის ვადაში უნდა მოხდეს, ამის შემდეგ კი ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. “ალია ჰოლდინგი” აცხადებს, რომ თუ მის ანგარიშზე არ აღმოჩნდება 50 ათასი ლარი, მაშინ მას ქონებას გაუყიდიან.
“ალიას” მიაჩნია, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ ფოტორეპორტიორების საქმის შემდეგ შურისძიებას გეგმავს სასამართლო პროცესებით. გამოცემის ინფორმაციით, “ალიას” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი კობერიძის გარდა შეტანილი აქვთ “რეალ ტვ”–სა და “საზღავრგარეთ მკურნალობის ცენტრს”. ისინი გაზეთისგან სოლიდურ კომპენსაციას ითხოვენ.