საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს, პირველ აგვისტოს გააკეთა.
პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეების” ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, პარტიისთვის არჩევნების თარიღი მისაღებია.
“ძალიან ადრე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური სუბიექტი ჩართულია უკვე წინასაარჩევნო კამპანიაში. მათ შორის, რა თქმა უნდა, “ახალი მემარჯვენეებიც”. ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ ეს პროცესი. აქ მოულოდნელი არაფერი არ იყო. თარიღი, რა თქმა უნდა, მისაღებია. უბრალოდ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თარიღის დროზე ადრე განსაზღვრა, იმიტომ რომ განსხვავებით “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომლებიც უკვე წინასაარჩევნო კამპანიას თავიანთი ნომრით ატარებენ, ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. ამ დღეებში ჩატარდება წილისყრა და ჩვენ გვექნება საშუალება რომ კამპანია უკვე იმ ნომრით წარვმართოთ, რომლითაც მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს საარჩევნო კალენდარი. უბრალოდ ახლა დავაკონკრეტებთ თარიღებს, იმის მიხედვით, რომ პირველ ოქტომბერს უკვე არჩევნებია დანიშნული”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნაჭყებიამ.
თბილისში, დიდუბეში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი , “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ვახტანგ ხმალაძე “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” ამ თარიღისთვის მზად იყო და ეს რაიმე პრობლემებს არ წარმოშობს.
“არჩევნები შეიძლება დანიშნულიყო 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით. ამიტომ ბუნებრივია, კოალიცია “ქართული ოცნება” ამისთვის ემზადებოდა. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ წარმოიშობა, მე ვგულისხმობ ორგანიზაციული ხასიათის პრობლემებს. უბრალოდ, ერთხელ კიდევ აღვნიშნავ, რომ უკვე მერამდენედ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნები დანიშნა იმ უკიდურეს ვადაში, რასაც კანონი ამბობს, სულ ცოტა 60 დღით ადრე. არცერთხელ მან არ დანიშნა არჩევნები არც 65, არც 70 დღით ადრე, რომ პარტიებმა უფრო მშვიდად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის”, – ამბობს ხმალაძე.
პარტიისთვის აღნიშნული თარიღი პრობლემურად არ მიაჩნია პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” წევრ ლევან ვეფხვაძეს.
“ჩვენ პარტიას არანაირი პრობლემა არ ექნება. უბრალოდ პრობლემა ექნებათ იმ მაჟორიტარებს, რომლებიც ქალაქებში იქნებიან წარდგენილები, იმიტომ რომ მათ აგვისტოს თვეში კამპანიის წარმოება ძალიან გაუჭირდებათ. რეალურად 10 სექტემბრიდან იქნება მაჟორიტარების რეალური კამპანია, იმიტომ რომ მანამდე მოსახლეობა ქალაქში არ არის, ისინი სოფლებში, ზღვაზე, უცხოეთში იქნებიან გასული.
თუმცა, სადაც იქნებიან ამომრჩევლები, იქ ჩვენ ყველგან მიგვიწვდება ხელი. ყველგან გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ მოსახლეობას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს ამომრჩეველთან. თუმცა, ძალიან რთულად წარმომიდგენია ახლა საბურთალოს მაჟორიტარი შავი ზღვის პლიაჟზე ეძებდეს საკუთარ ამომრჩეველს”, – მიიჩნევს ვეფხვაძე.
პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით დარჩიაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, “პრეზიდენტმა გამოაცხადა არჩევნების თარიღი. როგორ ფიქრობთ, პარტია რომლის თავმჯდომარეც არის თვითონ, მზად არ იქნება საპარლამენტო არჩევნებისთვის?!”
“ლეიბორისტულმა პარტიამ” კი თავი შეიკავა პოზიციიის დაფიქსირებისგან. პარტიის პოლიტიკური მდივანის გიორგი გუგავას განცხადებით, ისინი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108–ე მუხლის თანახმად, არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.