მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ლიცენზირებული საერთო მაუწყებლების სავალდებულო ჩართვას საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი ავალდებულებს, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან “Must Carry”-ის შესახებ გაჩაღებული კამპანიის შედეგად იქნა მიღებული.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დღეს, პირველ, აგვისტოს ოფიაციალურად გამოაცხადა, თუმცა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა ზემოთ აღნიშნული ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა, ან განმეორებით ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.