ახალი ამბები

დაყადაღება გასაჩივრების უფლების ჩამორთმევით

1 აგვისტო, 2012 •
დაყადაღება გასაჩივრების უფლების ჩამორთმევით

“მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ანგარიშები დაყადაღებულია, მივმართეთ საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, წერილობითი ფორმით ეცნობებინათ, თუ რა იყო დაყადაღების მიზეზი. 31 ივლისს მივიღეთ პასუხი საქალაქო სასამართლოსგან, სადაც გვატყობინებდნენ, რომ სისხლის სამართლის 207-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს უფლება აქვს, დააყადაღოს ანგარიშები, თუმცა ამავე წერილში ნათქვამია, რომ ინსტიტუტი არ არის ბრალდებული მხარე, ამიტომაც ჩვენ არ გვეცნობება დაყადაღების მიზეზი,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.

მისივე განმარტებით, საქალაქო სასამართლოს წერილიდანვე ირკვევა, რომ “საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ერთმევა, ვინაიდან ინსტიტუტი სასამართლოში მხარეს არ წარმოადეგენს.

“საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” იურისტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტს ჩამორთმეული აქვს გასაჩივრების უფლება, ისინი მაინც მიმართავენ სასამართლოს.

“ჩვენ მოვამზადებთ სარჩელს და შევიტანთ სასამართლოში, მიუხდევად იმისა, რომ არ გვაქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩამოგვერთვა გასაჩივრების უფლება, ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს და მსოფლიოს ადამიანის უფლებების კონვენციას,” – აცხადებს სოფო კილაძე, “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” იურისტი.

ინსტიტუტის ერთ–ერთი დამფუძნებელი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ მისთვის დაყადაღება მოულოდნელი არ ყოფილა.

“ველოდი დაყადაღებას, რადგან საქართველოში დღეს დაყადაღებული თუ არ ხარ, სირცხვილია. სამწუხაროდ, ამ დაყადაღების გამო პარალიზებულია ინსტიტუტის მუშაობა, გაჩერებულია პროექტები და უხელფასოდაა დარჩენილი თანამშრომლები,” – განმარტავს ინსტიტუტის დამფუძნებელი ზაზა შათირიშვილი.

“საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” 2011 წლის ოქტომბრის თვეში დაარსდა და მან შემოწირულობა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, რომელიც ასევე გასული წლის ოქტობრიდან ჩაერთო პოლიტიკურ აქტივობებში. თუმცა ივანიშვილის შემოწირულობა ორგანიზაციის ერთადერთი წყარო არ ყოფილა, ორგანიზაცია იღებს გრანტებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც.

თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია

 

ორგანიზაციის დამფუძნებლები ასევე იყვნენ ვახტანგ ხმალაძე და გია ხუხაშვილი, რომლებმაც ინსტიტუტი დატოვეს, რადგან სრულად ჩაერთნენ პოლიტიკურ საქმიანობაში. 

ცენტრის თავმჯდომარის თეონა აქუბარდიას განმარტებით, ძნელია იმაზე საუბარი, მოხდა თუ არა დაყადაღება პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან ორგანიზაციამ შემოწირულობა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერისგან ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა კანონში “მოქალაქეთა გაერთიანებების შესახებ” ცვლილებები განხორცილებული არ იყო.

“მარჩიელობას ვერ დავიწყებთ, თუ რა არის დაყადაღების მიზეზი. ბატონ ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა რომ გამხდარიყო დაყადაღების მიზეზი, ვფიქრობ, ეს გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლომ კონკრეტული მიზეზი გვაცნობოს,” – განმარტავს თეონა აქუბარდია.

მისივე თქმით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დახმარებით უკვე მზადდება სარჩელი, რომლითაც საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” სასამართლოს მიმართავს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშებს 25 ივლისს დაედო ყადაღა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა თავად “პროგრეს ბანკის” ერთ-ერთი მფლობელსა და კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, ფეხბურთელ კახი კალაძეს. პროკურატურის განმარტებით,  გამოძიება დაწყებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით და ამის გამო მოხდა კალაძის ანგარიშების დაყადაღება.

 

კალაძის ადვოკატის შალვა თადუმაძის თქმით, მან წერილი მიიღო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლის ნიკოლოზ მარგველაშვილისგან, სადაც აღნიშნულია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კახი კალაძე ბრალდებული არ არის, ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, რითაც, თადუმაძის თქმით, კალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრების უფლება ჩამოერთვა ანგარიშების დაყადაღების საქმესთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი