ახალი ამბები

ქდმ–ის მიერ ორგანიზებული შეხვედრისას გამართულ ქეიფს აუდიტის სამსახური შეისწავლის

1 აგვისტო, 2012 •
ქდმ–ის მიერ ორგანიზებული შეხვედრისას გამართულ ქეიფს აუდიტის სამსახური შეისწავლის

სამწვადეები ქრისტიან–დემოკრატების ორგანიზებულ შეხვედრაზე/ფოტო: ick.ge
სამწვადეები ქრისტიან–დემოკრატების ორგანიზებულ შეხვედრაზე/ფოტო: ick.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ისინი აუცილებლად შეისწვალიან კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ისევე, როგორც ყველა მსგავს შემთხვევას. 

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 31 ივლისს გაავრცელა “ქრიტიან–დემოკრატების” მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გურჯაანში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტო–ვიდეომასალა. ფოტოებსა და ვიდეოებზე აღბეჭდილია გაშლილი მაგიდები, ათეულობით ლიტრი ღვინო, ასევე, პური, კიტრი, პომიდორი და სამწვადე ხორცი.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მათი ჟურნალისტი გურჯაანში, დიდების მემორიალზე შეკრებილთაგან 20–ზე მეტ ადამიანს გაესაუბრა. არც ერთმა მათგანმა სუფრის გასაშლელად ფულის შეგროვების ფაქტი არ დაადასტურა. მათი თქმით, ისინი სუფრასთან პარტიის ლიდერებმა მიიწვიეს და უსასყიდლოდ გაუმასპინძლდნენ. 

 

“ქრისტიან–დემოკრატების” ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ პარტიის აქტივისტებმა, რომლებიც კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოვიდნენ გურჯაანში, დამოუკიდებლად, თავიანთთვის წამოიღეს სამწვადეები, პარტიის ბიუჯეტიდან კი აღნიშნული სურსათის შეძენაზე ფინანსები არ დახარჯულა. მისივე ცნობით, თავდაპირველად ყველა სხვადასხვა ტიპის საკვების წამოღებას აპირებდა, თუმცა მერე შეთანხმდნენ, რომ ყველას სამწვადე წამოეღო.

 

“ჩვენს პარტიას ამის ფუფუნება ნამდვილად არა აქვს. ეს, არა მგონია, რაიმე კრიმინალი იყოს. ხალხმა თავისი სამწვადე თავად მოიტანა. კი ბატონო, გამოიკვლიოს აუდიტის სამსახურმა, თუ რამე დარღვევა იყო, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს”, – განუცხადა ლევან ვეფხვაძემ “ნეტგაზეთს”. მისივე თქმით, შეხვედრაზე გურჯაანში 3 ათასამადე ადამიანი იმყოფებოდა, სამწვადე და ღვინო კი ადამიანთა მცირე რაოდენობამ მიიტანა. პოლიტიკოსი სწორედ ამით ხსნის იმ ადამიანთა განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ სუფრასთან პარტიის წარმომადგენლებმა დაპატიჟეს. 

 

“წარმოუდგენელია, ყველას მოეტანა სამწვადე. პირიქით, ძალიან ცოტამ მოიტანა და ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან ბევრს არ შეხვდა”, – ამბობს ლევან ვეფხვაძე.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო–ვიდეომასალა იხილეთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგევრდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი