ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე ზემოქმედებენ, ამოწურულია

30 ოქტომბერი, 2016 • 1355
კვირიკაშვილი: ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე ზემოქმედებენ, ამოწურულია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ლარზე ზემოქმედების ფაქტორები მოკლევადიან პერსპექტივაში ამოწურულია და საშუალოვადიან პერსპექტივაში კურსის მნიშვნელოვან გამყარებას არ გამორიცხავს.

“ჩემი მოლოდინი, გამომდინარე იმ ამბიციური გეგმებიდან, რაზეც ვისაუბრე, ის არის, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ვალუტა შემოვა ქვეყანაში და ჩვენ საშუალო და ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა გვქონდეს ლარის გამყარებაც მნიშვნელოვანი. ამიტომ მე არ ველოდები ლარის დევალვაციას, ეს არის ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობილი, რასაც ახლა ვამბობ. თუმცა მოკლევადიანი რყევები გამორიცხული არ არის, მაგრამ საშუალოვადიან პერსოექტვაში ველოდები, რომ ლარი უნდა გამყარდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა იმედის “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

კვირიკაშვილის თქმით, ლარის კურსის მნიშნელოვანი გაუფასურების მოლოდინის უსაფუძვლობას ადასტურებს საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემებიც.

“ჩვენი საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები არის ძალიან ჯანსაღი. ყველა ის ფაქტორი, რომელიც ჩვენი ვალუტის კურსზე ზემოქმედებს, არის ამოწურული და არანაირ მნიშვნელოვან რყევებს ჩვენ არ უნდა ველოდოთ. იყო დროებითი ფაქტორები, რომლებიც დღეს ამოწურულია, მაგალითად, იყო ერთ–ერთი ბანკის შერწყმა მეორე ბანკთან, რომლის დროსაც საჭირო გახდა დამატებითო ვალუტის შეძენა. ეს იყო ერთ–ერთი ფაქტორი. იყო ასევე სხვა ფაქტორები, ვინაიდან ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იყო ვალუტის ძალიან მნიშვნელოვანი გაუფასურებები. ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი გაიაფება იმპორტირებული საქონლის, ჩვენ მივიღეთ ასევე ექსპორტირებულ საქონელზე ფასების ვარდნა. რაოდენობრივად გაზრდილია ჩვენი ექსპორტი. ჩვენ უფრო მეტი საქონლის ექსპორტს ვახდენთ დღეს, ვიდრე ვახდენდით, მაგრამ ფულად გამოხატულებაში ეს არის შემცირებული. გამომდინარე იქიდან, რომ იმ ბაზრებზე, რომლებზეც ასეთი მდგომარეობა იყო, უკვე გამოსულია უკან სიტუაცია და ნორმალურ ფარგლებს უბრუნდება ეკონომიკური მაჩვენებლები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ექსპროტი არ ამარტო დაუბრუნდება წინა მაჩვენებლებს, არამედ მნიშვნელოვნად გადააჭარბებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი