საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა შოთა ნიჟარაძემ დღეს, 31 ივლისს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტირებასა და დახვეწას.
საბჭო ასევე მოამზადებს რეკომენდაციებს უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების საგნობრივი რედაქტირების თაობაზე.
“ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მემორანდუმის ფარგლებში აწარმოონ დიალოგი, მოახდინონ რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მოქალაქის, მიუხედავად სტატუსისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, ფიზიკური შესაძლებლობისა და სხვა, საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან რეალიზაციას”, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





