დღეს, 29 ოქტომბერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 7 რეკომენდაცია გამოაქვეყნა, რომელიც არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას შეეხება.
ორგანიზაციის პირველი რეკომენდაცია შეეხება საარჩევნო კომისიის წევრებისთვის მკაფიოდ განმარტებას არჩევნების წარმართვის წესებისა და პროცედურების შესახებ, რადგან გამოიკვეთა, რომ პირველი ტურის დროს ბევრ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები კვალიფიკაციის დაბალი დონით გამოირჩეოდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ხმის მიცემის პროცესში მრავალ ტექნიკურ ხარვეზს იწვევდა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან პარტიების წევრების მასობრივი გაწვევის შემდეგ საოლქო კომისიებმა გამოაცხადეს ერთდღიანი კონკურსი ახალი წევრების დასანიშნად. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით ვაკანტური თანამდებობების შერჩევა შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს, კონკურსანტების შერჩევის პროცესმა მაინც გააჩინა კითხვები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბათუმის სამი ოლქის 103 უბანში ახალი წევრები ისე დაინიშნენ, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია არც მედიისთვის და არც საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცნობილი არ ყოფილა.
ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ახლად არჩეული კომისიის წევრების კვალიფიკაციას, სამომავლოდ კი სასურველია, შემოიღონ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის რეზერვის ინსტიტუტი, რომელიც მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დასაზღვევად არის საჭირო.
“საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” მოუწოდებს საუბნო კომისიებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუფერხებლად მისცენ საშუალება, დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს, ასევე, საადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ საარჩევნო პროცესს.
რეკომენდაციები ასევე შეეხება ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველების მიმართ ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტების თაობაზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების დაწყებასა და დამნაშავე პირების დასჯას, ასევე, საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტების გამოძიებას.
ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო უბნებზე მომხდრი დაპირისპირების გამოცდილების შემდეგ, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მოწოდებაა, რომ აღნიშნული ფაქტების პრევენცია მოხდეს, დაძაბულობის შემთხვევაში კი, პოლიციამ ის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით უნდა განმუხტოს. ასევე აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდონ თავიანთ აქტივისტებს, არჩევნების დღეს არ მოახდინონ დაძაბულობის პროვოცირება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია იქონიონ ეთიკის ნორმების დაცვით, იმიტომ, რომ სავარაუდო დარღვევებთან დაკაშირებული კომუნიკაცია სადამკვირვებლო ორგანზიაციებსა და პოლიტკურ პარტიებს შორის სცილდება ეთიკის ნორმებს, რადგან სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები ოპოზოციური პარტიების შეფასებებს არ ემთხვევა.