ახალი ამბები

ომბუდსმენი ლტოლვილთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

7 აგვისტო, 2012 •
ომბუდსმენი ლტოლვილთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა აფხაზეთიდან დევნილმა, ირაკლი გადელიამ. იგი ოჯახთან ერთად კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია და ცხოვრობს ზუგდიდში, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში.

 

განმცხადებლის განმარტებით, მისი საცხოვრებელი პირობები უკიდურესად მძიმეა. სახლის სახურავი და კედლები დაზიანებულია, რაც საფრთხეს უქმნის გადელიას ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, სახალხო დამცველისთის წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ირაკლი გადელიას შვილს, მიხეილ გადელიას პრობლემები აქვს ჯანმრთელობის კუთხით. კერძოდ, სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ მიხეილ გადელია დაავადებულია მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიით.

 

როგორც სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის პრესსამსახური აცხადებს, ზემოაღნიშნული პრობლემის თაობაზე ირაკლი გადელიამ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. მიუხედავად ამისა, ირაკლი გადელიას განმარტებით, კონკრეტული ინფორმაცია მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მისთვის ამ დრომდე უცნობია.

 

2012 წლის 1 და 29 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სამინისტროს ირაკლი გადელიას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან ან მისი საცხოვრებლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა.

 

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტრო ფლობს ინფორმაციას ზუგდიდში მდებარე რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებ, რის გამოც აღნიშნულ შენობაში ჩასახლებულ დევნილთა საკითხი აქტუალურია და მიმდინარეობს მათი გრძელვადიანი განსახლების პროცედურული მონიტორინგი.

 

მიუხედავად ამისა, კონკრეტული ინფორმაცია ირაკლი გადელიას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვადების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მიუწოდებია”, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ დღეს, 7 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი