ახალი ამბები

პროკურატურის განცხადება კალაძის ანგარიშების დაყადაღებაზე

27 ივლისი, 2012 •
პროკურატურის განცხადება კალაძის ანგარიშების დაყადაღებაზე

“ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის  საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

 

მიღებული ინფორმაციის თანახმად კახა კალაძის  საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა  დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვა. ამავე ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციად მიჩნეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადინება. კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის საბანკო ანგარიშიდან ეტაპობრივად განხორციელდა 1 600 000 ლარამდე თანხის  ნაღდი ფულის სახით გატანა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. ამასთან არ არსებობს ზემოთ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საგულისხმოა რომ იმავე დროის მონაკვეთში მისი ანგარიშებიდან დამატებით საბანკო ანგარიშგების (უნაღდო) წესით ხორციელდებოდა სხვადასხვა პირადი და საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურება საერთო ჯამში დაახლოებით 900 000 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს რომ სამოქალაქო გარიგებებისას ან სხვა მიმდინარე ხარჯების დაფარვისას კახა კალაძე ანგარიშსწორებას ახორციელებს ჩვეულებრივად, საბანკო ანგარიშსწორების (უნაღდო ოპერაციების) მეშვეობით.

 

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის  საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება”.

 

თავის მხრივს, კახი კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კახი კალაძის ანაგრიშებს ქართულ ბანკებში ყადაღა დაედო.

 

ცნობილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების” წევრ კახი კალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ქართულ ბანკებში არსებული ყველა ანგარიში 26 ივლისს დაუყადაღა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყადაღის მოხსნის შესახებ საჩივარი დაუსწრებლად, 48 საათში უნდა განიხილოს.

ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ბერა ივანშვილი
ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ბერა ივანშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი