ნოდარ ჯავახიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუმარტა, რომ „ქართუ ბანკის“ დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ ბანკი გუშინ დატოვა. „ვლადიმერ უგულავამ გუშინ შეადგინა ოქმი, რომლის თანახმადაც აღმიდგინა გენერალური დირექტორის უფლებამოსილება. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ძველი შემადგენლობით აღდგება“.
ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, მან საჯაროო რეესტრში დროებითი მმართველის მიერ მომზადებული ოქმი დღეს ჩააბარა: „წესით, ოქმი რეესტრში დღესვე უდა აიტვირთოს. მხოლოდ ამ ოფიციალური პროცედურების დასრულების შემდეგ შევუდგები ბანკში საქმიანობას“.
ვლადიმერ უგულავა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების – სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკიის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველად 2012 წლის 12 ივლისს დაინიშნა. მან სს “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭო დაითხოვა.ვლადიმერ უგულავას გადაწყვეტილებით, “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანეს ნოდარ ჯავახიშვილი, ნათელა ყალიჩავა და ეთერ დემინაშვილი.
აღნიშნული პირების ნაცვლად საბჭო შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: ვლადიმერ უგულავა, ირაკლი ზარქუა და როინ ცაციაშვილი.
ახალი საბჭო დაკომპლექტებისთანავე შეიკრიბა და დაითხოვა “ქართუ ბანკის” დირექტორატი სრული შემადგენლობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 15 ივნისის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრა ჯარიმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ უკანონო შეწირულობის განხორციელებისთვის.
2012 წლის 24 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა სრულად დაფარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებით დაკისრებული თანხა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარი.
რის შემდეგაც ვლადიმერ უგულავას „ქართუ ბანკში“ უფლებამოსილება ავტომატურად შეუჩერდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობას “ქართუ ჯგუფისა” და “პროგრესბანკის” აქციებზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით 26 ივლისს, 14:00 საათზე განიხილავს.