ახალი ამბები

პრეზიდენტმა ცაიშელ პენსიონერს ბოდიში მოუხადა

25 ივლისი, 2012 •
პრეზიდენტმა ცაიშელ პენსიონერს ბოდიში მოუხადა

მიხეილ სააკაშვილმა როზა წყობაია დღეს, 25 ივლისს ცაიშში, საკუთარ სახლში მოინახულა, მისი პრობლემები მოისმინა, დაპირებებიც გასცა და გუშინდელი ინციდნეტის გამოც მოუბოდიშა.

 

ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა როგორ ინტერნეტ გამოცემებმა livepress.ge-მა და smsportal.ge-მ, ისე “მეცხრე არხმა” და “მაესტრომ”. აღნიშნულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სანამ ორი უცნობი მამაკაცი როცა წყაბელიას ჟურნალისტებს მოაცილებდა, მისი ტერიტორიიდან გაყვანა პოლიციის ფორმიანმა ახალგაზრდა მამაკაცმა სცადა.

 

“რომ გავიგე თქვენი ამბავი, ეგრევე გადავწყვიტე თქვენთან მოსვლა. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები გაჭირვებულების დამცველი საქართველოში. ვინც მოვა და ჩადგება ჩემსა და გაჭირვებულს შორის, რომელიც მოსულია იმისათვის, რომ მოვიდეს და მითხრას თავისი გაჭირვება, თქვენი მეზობლებივით, რომლებმაც შეურაცხყოფა მოგაყენეს, მათ პასუხი უკვე ვაგებინე. ეს იქნება გაკვეთილი ყველასათვის, ვინც ჩადგება ჩემსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც უჭირს და რომელიც რაღაცის სათქმელად არის მოსული მის მიერ არჩეულ პრეზიდენტთან. მე ვარ ძალიან გაბრაზებული მათზე,” – უთხრა მიხეილ სააკაშილმა როზა წყაბელიას.

 

ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე მოქალაქემ გამოაქვეყნა, ისინი პრეზიდენტისგან ამ საკითხზე რეაგირებას ითხოვდნენ, თუმცა რამდენიმე საათში ეს ვიდეოები პრეზიდენტის გვერდიდან წაიშალა.

 

შსს–მ ინციდენტიდან მალე, 24 ივლისს მოქალაქის შეურაცხყოფისთვის  დააკავა სოფელ ცაიშში მცხოვრები მალიშავა ბაკური და გუგუჩია გია.

 

“დაკავებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქალაქე როზა წყაბელიას მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას. დაკავებულებმა მოსახლეობის შეკრების ადგილიდან  წყაბელია  ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ზემო  აღნიშნულიდან გამომდინარე,   მალიშავა ბაკური და გუგუჩია გია დაკავებული იქნენ პოლიციის მიერ და სასამართლომ მათ შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით. შსს-მ  მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან გაათავისუფლა  ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს  საუბნო  განყოფილების უფროსი  გელა ნარუშვილი, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს,  არ გაითვალისწინა   კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ აღკვეთა ზემოაღნიშნული ფაქტი,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც დღეს, 25 ივლისს გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი