“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ბათუმში ამომრჩევლებს ხუთკითხვიან ანკეტებს ავსებინებენ. ერთ-ერთი კითხვა ასეთია: “დაუჭერთ თუ არა მხარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატს – გიორგი ბარამიძეს?”
კითხვარში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის კანდიდატურას ალტერნატივა არ ჰყავს.
ანკეტაში ამ კითხვის გარდა შემდეგი კითხვებია: იცნობთ თუ არა ვანო მერაბიშვილის პროგრამას 1000 –ლარიანი ვაუჩერების შესახებ? მეორე შეკითხვაა – რაში დახარჯავთ ამ ვაუჩერს (მითითებულია სავარაუდო პასუხები); მესამე შეკითხვაა – აპირებთ თუ არა არჩევნებზე მისვლას? მეოთხე შეკითხვაა, ვის უჭერთ მხარს და ჩამონათვალში არის მხოლოდ სამი პარტია – 1. “ნაციონალური მოძრაობა”; 2. “ქართული ოცნება”; 3. ქდმ; 4. სხვა პარტიები.
ამ ოთხ კითხვას საქართველოს ყველა რეგიონის ამომრჩეველს უსვამენ. განსხვავებული მხოლოდ მეხუთე კითხვაა. მაგალითად, მოქალაქეებს ქუთაისში ეკითხებიან, დაუჭერენ თუ არა მხარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატს გიორგი თევდორაძეს. თევდორაძეს ამჟამად ქუთაისის მერის პოსტი უკავია.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია. ამ ორ ქალაქში – ბათუმსა და ქუთაისში ცნობილია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – მურმან დუმბაძე [ბათუმი] და გუბაზ სანიკიძე [ქუთაისი].