“დაკავებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქალაქე როზა წყაბელიას მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას. დაკავებულებმა მოსახლეობის შეკრების ადგილიდან წყაბელია ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მალიშავა ბაკური და გუგუჩია გია დაკავებული იქნენ პოლიციის მიერ და სასამართლომ მათ შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით. შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან გაათავისუფლა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, არ გაითვალისწინა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ აღკვეთა ზემოაღნიშნული ფაქტი,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც დღეს, 25 ივლისს გავრცელდა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მცხოვრები როზა წყაბელია სამეგრელოში პრეზიდენტის ვიზიტისას ჟურნალისტებს თავის გასაჭირზე ესაუბრებოდა, როცა მას ორი უცნობი პირი მიუახლოვდა და ძალის გამოყენებით მოაცილა ტერიტორიას. ინციდენტი ცაიშში გუშინ, 24 ივლისს მოხდა.
მოგვიანებით როზა წყაბელიამ “ინფო 9″–ს განუცხადა, რომ მას პრეზიდენტთან შეხვედრა და თავის ოჯახურ მდგომარეობაზე გასაუბრება სურდა, თუმცა უცნობმა პირებმა ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს და იქვე არსებული დევნილთა საცხოვრებლის სარდაფში ჩაკეტეს.
ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა როგორ ინტერნეტ გამოცემა livepress.ge-მ, ისე smsportal.ge-მ. აღნიშნულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სანამ ორი უცნობი მამაკაცი როცა წყაბელიას ჟურნალისტებს მოაცილებდა, მისი ტერიტორიიდან გაყვანა პოლიციის ფორმიანმა ახალგაზრდა მამაკაცმა სცადა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე მოქალაქემ გამოაქვეყნა, ისინი პრეზიდენტისგან ამ საკითხზე რეაგირებას ითხოვდნენ, თუმცა რამდენიმე საათში ეს ვიდეოები პრეზიდენტის გვერდიდან წაიშალა.