“ბიძინა ივანიშვილს ეს სამართალდარღვევა არ უღიარებია, უბრალოდ, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ კანონიერ ძალაში შევიდა უკანონო, მაგრამ მაინც სასამართლოს დადგენილებები ამ ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებით. აღიარებს დანაშაულს ის კაცი, რომელსაც, ვთქვათ, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ეს კაცი არ გაიქცა და ჩაჯდა ციხეში? მსგავსი შემთხვევაა ესეც. აუცილებელი არ არის ამ ფაქტით[ჯარიმების გადახდით] აღიარებდეს დანაშაულს, უბრალოდ, ვერ გაექცა ამ იძულებით ღონისძიებას და აქედან გამომდინარე, დამორჩილდა. ბიძინა ივანიშვილს სასამართლო წარმოების არც ერთ ეტაპზე არ უღიარებია, რომ რასაც მას აკისრებდნენ, ეს კანონიერია. უბრალოდ, სამწუხაროდ, ეს უკანონო გადაწყვეტილებები შევიდა ძალაში და მიექცა იძულებით აღსასრულებლად. ჯარიმის გადახდა იყო ერთადერთი საშუალება, რომელიც მას ხელისუფლებამ დაუტოვა კახეთში დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად,” – განუცხადა ალექსანდრე ბარამიძემ “ნეტგაზეთს”. მისივე თქმით, ივანიშვილი აღნიშნული ჯარიმების დაკისრებას სტრასბურგში მაინც გაასაჩივრებს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებულ ქონებას უნდა მოეხსნას ყადაღა და “ქართუ ჯგუფი” დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს იძულებითმა მმართველმა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ისინი განცხადებას დღის განმავლობაში გაავრცელებენ.
კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიუჯეტში სრულად გადაიხადა ის 80 მილიონამდე ლარი, რომლის გადახდაც მას კონტროლის პალატის მოთხოვნის შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკისრა. ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს თანხა კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ჩაირცხა. აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 24 ივლისს, გვიან ღამით გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული ჯარიმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 15 ივნისს გაანახევრა, შედეგად, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტის სასარგებლოდ საბოლოოდ 74 მილიონ 325 ათას 065 ლარის გადახდა დაევალა. გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილი აღნიშნულ ჯარიმას უკანონოდ მიიჩნევდა, ის თანხის გადახდას არ აპირებდა, თუმცა, გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ კახეთში მომხდარი ძლიერი სტიქიის შემდეგ შეიცვალა.
იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმა არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის საკუთრებად მიჩნეული “ქართუ ჯგუფი” და ბიძინა ივანიშვილის 21.7%–იანი წილი “პროგრეს ბანკში” დააყადაღა და გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. თუმცა აღნიშნულ ქონებას მყიდველი არ გამოუჩნდა, რის შემდგაც “ქართუ ჯგუფში” იძულებითი მმართველი დანიშნა იმ ვადით, რა ვადაც ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის ამოღებას დასჭირდებოდა.