ახალი ამბები

პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველი მოქალაქის გატაცებაზე სააკაშვილი კომენტარს ჯერ არ გააკეთებს

25 ივლისი, 2012 •
პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველი მოქალაქის გატაცებაზე სააკაშვილი კომენტარს ჯერ არ გააკეთებს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მცხოვრები როზა წყაბელია სამეგრელოში პრეზიდენტის ვიზიტისას ჟურნალისტებს თავის გასაჭირზე ესაუბრებოდა,  როცა მას ორი უცნობი პირი მიუახლოვდა და ძალის გამოყენებით მოაცილა ტერიტორიას. ინციდენტი ცაიშში გუშინ, 24 ივლისს მოხდა.

 

მოგვიანებით როზა წყაბელიამ “ინფო 9″–ს განუცხადა, რომ მას პრეზიდენტთან შეხვედრა და თავის ოჯახურ მდგომარეობაზე გასაუბრება სურდა, თუმცა უცნობმა პირებმა ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს და იქვე არსებულ დევნილთა საცხოვრებლის სარდაფში ჩაკეტეს. 

 

ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა როგორ ინტერნეტგამოცემა livepress.ge-მ, ისე smsportal.ge-მ. აღნიშნულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სანამ ორი უცნობი მამაკაცი როზა წყაბელიას ჟურნალისტებს მოაცილებდა, მისი ტერიტორიიდან გაყვანა პოლიციის ფორმიანმა ახალგაზრდა მამაკაცმა სცადა. 

 

ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე მოქალაქემ უკვე გამოაქვეყნა, ისინი პრეზიდენტისგან ამ საკითხზე რეაგირებას ითხოვენ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური დაგვპირდა, რომ გაარკვევს, რა რეაგირება მოჰყვა სამართალდამცავების მხრიდან აღნიშნულ ინციდნეტს. “ნეტგაზეთი” სიახლეს დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი