ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმები სრულად გადაიხადა

25 ივლისი, 2012 • • 1732
ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმები სრულად გადაიხადა

აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 24 ივლისს, გვიან ღამით გამოქვეყნდა.

 

“ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა. კოალიციის ლიდერის განცხადებით,საქართველოს ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდაა. 80 მილიონი ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადაირიცხა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი, თანხის ხარჯვის მონიტორინგს კი „ქართული ოცნება“ განახორციელებს”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 11 ივნისს კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით 148 მილიონ 650 ათას 131 ლარის გადახდა დააკისრა საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა კონტროლის პალატის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისთვის ”გლობალ ტვ” –ის ანტენების, ფაქტიურად, უსასყიდლოდ გადაცემით 12 მილიონი ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა ”ქრთული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს სასარგებლოდ”. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ივანიშვილმა შპს ”ბურჯისა” და ”ელიტა ბურჯის” მეშვეობით ავტომობილები არასაბაზრო ფასად მიაქირავა ”ქართულ ოცნებას”. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი სადავო თანხის ათამგი ოდენობით დააჯარიმა, ჯარიმის საბოლოო თანხამ კი 148 მილიონ 650 ათას 131 ლარი შეადგინა.

აღნიშნული ჯარიმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 15 ივნისს გაანახევრა. შედეგად, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტის სასარგებლოდ  საბოლოოდ 74 მილიონ 325 ათას 065 ლარის გადახდა დაევალა. ბიძინა ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას უკანონოდ მიიჩნევს. მან საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ჯარიმის გადახდას არ აპირებდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ კახეთში მომხდარი სტიქიის შემდგომ გადაწყვეტილება შეცვალა. 

 

იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმა არ გადაიხადა,  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის საკუთრებად მიჩნეული “ქართუ ჯგუფი” და ბიძინა ივანიშვილის 21.7%–იანი წილი “პროგრეს ბანკში” დააყადაღა და გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. თუმცა აღნიშნულ ქონებას მყიდველი არ გამოუჩნდა, რის შემდგაც “ქართუ ჯგუფში” იძულებითი მმართველი დანიშნა იმ ვადით, რა ვადაც ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის ამოღებას დასჭირდებოდა. უახლოეს მომავალში გაირკვევა, ჯარიმის გადახდის შემდეგ “ქართუ ჯგუფი” იძულებითი მმართველისგან რა ვადაში გათავისუფლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი