ახალი ამბები

საერთაშორისო გამჭვირვალობა ნინა ხატისკაცის გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

23 ივლისი, 2012 •
საერთაშორისო გამჭვირვალობა ნინა ხატისკაცის გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ეხმიანება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ორგანიზაციაში მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება დაკავშირებული იყო შიდა ორგანიზაციულ უთანხმოებასთან. ჩვენ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინა ხატისკაცს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

 

გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პოზიცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოადგენდა ორგანიზაციის და არა რომელიმე პიროვნების პოზიციას. ჩვენი განცხადებები და ანგარიშები ყოველთვის ემყარებოდა კომპლექსურ კვლევას, რომელსაც ორგანიზაციის მრავალი მკვლევარი და ექსპერტი ახორციელებდა. ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა ის მიღწევები და საზოგადოების ნდობა, რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა. ამავე დროს, ჩვენ გვაღელვებს ის განცხადებები, რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნან ორგანიზაციის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით დღეს გაკეთებულ განცხადებებს და საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ორგანიზაციაში მიმდინარე შიდა პროცესებთან დაკავშირებით”.

 

ნინა ხატისკაცმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ იგი პარასკევს, 20 ივლისს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღამსრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და გამგეობის თავმჯდომარემ მარკ მალენმა სამსახურიდან გაათავისუფლეს. “დეტალები მე თვითონ ბოლომდე ვერ გავარკვიე, თვითონ ჩემთვისაც ბუნდოვანი იყო ეს დეტალები, ამიტომ უმჯობესია, ორგანიზაციას მიმართოთ ამის გასარკვევად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობის შესახებ მითხრა, მე აქამდე არანაირი საყვედური ან გაფრთხილება არანაირ საკითხე არ მიმიღია მისგან”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინა ხატისკაცმა. ის უახლოეს მომავალში ამავე ორგანიზაციის გამგეობაში წერილის გაგზავნას და მისი სამსახურიდან გაშვების შესახებ დამატებითი დეტალებისა და მეტი არგუმენტების გაცნობას მოითხოვს. ნინა ხატისკაცის თქმით, მას ბევრი საკითხი აქვს გასარკვევი, რადგან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

 

დღესვე კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.”მეც ვმუშაობდი TI–ის იმ პროექტში მონიტორად, რომლის დირექტორიც იყო. რამდენიმე მიზეზით: ნინა არის ძალიან კარგი ენჯეოშნიკი, თავისი საქმის პროფესიონალი და მიუკერძოებელი. იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად დაუსაბუთებლად მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და ამ დრომდე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელობა განმარტებას არ აკეთებს, მეც ვტოვებ პროექტს პროტესტის ნიშნად!”, – აღნიშნული განცხადება გელა მთივლიშვილმა ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.  

ნინა ხატისკაცი/ფოტო: რადიო თავისუფლება
ნინა ხატისკაცი/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი