ახალი ამბები

ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა

23 ივლისი, 2012 •
ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა

“უკანასკნელი ოთხი დღე მე გავატარე ჩემს კახელებთან ერთად, დავინახე, თუ რა ზიანი მიადგა კახეთის მოსახლეობას, ისედაც გაჭირვებაში მყოფ გლეხს. დავინახე, რომ დღეს მათ სჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა, განსაკუთრებული თანადგომა და განსაკუთრებული ნუგეში. დღეს ვთვლი, რომ ჩემი შინაგანი განცდა და ვალდებულებაც არის, რომ ამ ძნელბედობის ჟამს გვერდში დავუდგე ჩემს კახელებს და დავეხმარო მათ სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში და ხელშესახები დახმარება აღმოვუჩინოთ მათ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, ეს შეუთავსებელია ჩემს დღევანდელ თანამდებობასთან  და ამიტომ გადავწყვიტე დავტოვო თბილისის კომფორტული, მაღალი თანამდებობა და გვერდში დავუდგე ჩემს კახეთს, ჩემს კახელებს და ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო გაჭირვებაში მყოფ ხალხზე ზრუნვას”.

 

ლევან ბეჟაშვილმა კარიერა 1996-97 წლებში დაიწყო შსს-ს საგამოძიებო სამსახუში გამომძიებლის თანაშემწის თანამდებობაზე, 1997-2003 წლებში კი საქართველოს პარლამენტის აპარატში ეკავა სხვადასხვა პოზიციები, 2003-2004 წლებში ლევან ბეჟაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, 2004-2008 წლებში კი – პარლამენტის წევრი. 2008 წელს რამდენიმე თვის მანძილზე იყო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში, 2008 წლიდანვე კი ლევან ბეჟაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახდა. რამდენიმე თვის წინ უწყებას სახელი შეეცვალა და ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჰქვია.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ჯერ არ იციან, ვინ დაიკავებს ბეჟაშვილის პოსტს. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ლევან ბეჟაშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება
ლევან ბეჟაშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი