საქართვლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს სტუდია “მონიტორის” გაქურდვის ფაქტი. აღნიშნული განცხადება ეთიკის ქარტიამ დღეს, 23 ივლისს გაავრცელა.
“სტუდია „მონიტორის“ გაძარცვის ფაქტი უმძიმესი დარტყმაა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაზე. ძალზე მძიმეა, როცა წლობით შექმნილი სტუდია ერთ დღეში ნადგურდება და საგამოძიებო საქმიანობით დაკავებული ჟურნალისტები ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე რჩებიან.
ჟურნალისტთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გაატარონ მაქსიმალურად ეფექტური ზომები დამნაშავეთა გამოსავლენად და პასუხისმგებლობაში მისაცემად,” – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ფილმების სტუდია “მონიტორი” გუშინ, 22 ივლისს გაქურდეს, ჟურნალისტები სამუშაო
რესურსის მოძიებასა და მუშაობის გაგრძელებას ცდილობენ. ჯერჯერობით, გამოძიება გრძელდება და ამ კუთხით არანაირი სიახლე არ არის.
სტუდია “მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი აცხადებს, რომ გაქურდვის შედეგად საგამოძიებო ფილმების სტუდიას 30 ათას დოლარამდე ზარალი მიადგა, თუმცა ჟურნალისტები საგამოძიებო ფილმებზე მუშაობას მაინც გააგრძელებენ. “მონიტორის” ოფისიდან ქურდება წაიღეს 8 კომპიუტერი, მათ შორის ორი ძვირადღირებული სამონტაჟო კომპიუტერი, ორი ვიდეოკამერა, შტატივები და მყარი დისკები.







