“-გამატარე ბიჭო, ამხელა კაცი ხარ, გამატარე, მინისტრი ვარ, გამატარე! მთავრობის წევრი ვარ, გამატარე! დამალაპარაკეთ მზეთუნახავი!” – უთხრა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებსა და დაცვის წევრებს, რომლებიც მას ივანიშვილთან მიკარების საშუალებას არ აძლევდნენ. შემთხვევა გუშინ, 22 ივლისს, კახეთში მაშინ მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებთან ერთად სტიქიით დაზარალებულ რეგიონს ეწვია. აღნიშნული ფაქტი საინფორმაციო სააგენტო info9-ს ვიდეოკამერამ დააფიქსირა.
გოგა ხაჩიძემ დღეს, 23 ივლისს, ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ვიცი, რომ არავინ ვართ იდეალური. მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ნებისმიერი, ნორმალური პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობა შეიცავს PR-ს. თუმცა, ასეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანაში ამ მასშტაბის სტიქიაა, არ შეიძლება ითამაშო ადამიანების გაჭირვებაზე.
“(პრინციპში მხოლოდ…) იმის გამო, რომ ბევრი ფული გაქვს, გაჭირვებაში მყოფი ადამიანები არ უნდა გაახვიო უპასუხისმგებლო განცხადებების ბურუსში. მითუმეტეს, არ შეიძლება, ეს ყველაფერი პოლიტ-შულერობის კონტექსტში გააკეთო,” – აი, დაახლოებით ამის თქმა მინდოდა გუშინ ივანიშვილისთვის, თუმცა, იმ ემოციურ ფონზე ასე დალაგებულად ალბათ ვერ მოვახერხებდი :).
-როგორ მოვხვდი მაგ ამბავში?
– უბრალოდ, პრაქტიკულად.
ეგ სოფელ აფენის ცენტრია, მანდ (მანდაც) ხშირად მიწევდა ყოფნა ამ ბოლო დღეებში, მანქანით მოვდიოდი. ივანიშვილის მხარდამჭერებმა (თურმე) გამაჩერეს დემონსტრაციული რეპლიკით. გავჩერდი, მივედი, მოვუსმინე… მერე სხვებიც დაინტერესდნენ, სხვებსაც მოვუსმინე. ზოგი უბრალოდ დემაგოგობდა (მაგალითად, ატომურ სადგურზე სამცხე-ჯავახეთში), ზოგს მართლა პრობლემის მოგვარება ჭირდებოდა. მათივე თხოვნით რამოდენიმე საკითხი და საკონტაქტო ინფორმაციაც მოვინიშნე (ამიტომ მიჭირავს ხელში პასტა). შემდეგ მოვიდა ივანიშვილი და “ილაპარაკა”. რომ გავიგე რაც “ილაპარაკა”, ძალიან გამიჭირდა მეც არ “მელაპარაკა”. ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ დინამიკაში, შეავსეთ გავრცელებული სიუჟეტებით და დაახლოებით ეგ არის.
მათ საპასუხოდ ვინც ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო: რატომ უნდა მომინდეს, სრულიად მარტო, ივანიშვილის შეხვედრაზე მისვლა და შემდეგ მისი დაცვის წევრებთან იმის გარკვევა, რომ გამატარონ? :)
რაც შეეხება “მზეთუნახავს”…
-ეს ერთგვარი ზღაპრული შეფასებაა, რომელშიც რა თქმა უნდა არის სიმართლე, ისევე როგორც იმაში, რომ პრეზიდენტი არის მაღალი”.