საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს მიაჩნია, რომ „სტუდია მონიტორის“ საქმეზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, დაიბრუნონ მასალები და ტექნიკა, სწრაფად აღადგინონ მუშაობის ჩვეული რეჟიმი. საიამ ამის შესახებ განცხადება დღეს, 23 ივლისს გააკეთა.
“2012 წლის 22 ივლისს ააიპ „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს ოფისი გაქურდული დახვდათ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „სტუდია მონიტორის“ ოფისიდან ექვსი პერსონალური კომპიუტერი, ორი სამონტაჟო, ორი კამერა, ერთი შტატივი და ერთი ფლიპ კამერაა წაღებული. აპარატურასთან ერთად ასევე დაკარგულია ჟურნალისტების სამუშაო მასალები.
„სტუდია მონიტორი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გაერთიანებას, რომელიც მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით. აღნიშნული სტუდია ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს და, შესაბამისად, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საზოგადოების წინაშე. „სტუდია მონიტორი“ 2005 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა და ამ პერიოდიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და სარგებლობს საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მომსახურებით.
საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს მიაჩნია, რომ „სტუდია მონიტორის“ საქმეზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, დაიბრუნონ მასალები და ტექნიკა, სწრაფად აღადგინონ მუშაობის ჩვეული რეჟიმი”, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.