ახალი ამბები

თოვის გამო მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდა

25 ოქტომბერი, 2016 • 1650
თოვის გამო მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო მლეთა-კობის მონაკვეთზე, რომელიც მცხეთა-სტეფანწიმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია, მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30-ზე მეტ ადგილიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი ტიპის ავტომობილების მოძრაობა გზის ამ მონაკვეთზე კი მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები არ ეხება ორი ან მეტი წამვყანი ხიდის მქონე ავტომობილებს, მათთვის მოძრაობა თავისუფალია.  შეზღუდულ მოძრაობას ზედამხედველობას საპატრულო პოლიცია გაუწევს.

 

აღმოსავლეთ საქართველოში 2 დღის განმავლობაში, 26-27 ოქტომბერს ითოვებს. როგორც ამინდების გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში თოვა 27 ოქტომბერს ღამით შეწყდება. 28 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს და ნალექი მხოლოდ წვიმის სახით შენარჩუნდება. საბოლოოდ ტემპერატურის მატებას სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში 30 ოქტომბერს ელიან.

ასევე, სინოპტიკოსთა ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 25-30 ოქტომბერს ნალექი წვიმის სახით მოვა და თოვა მხოლოდ მაღალ მთაშია მოსალოდნელი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი