“პატრიოტთა ალიანსი” “არჩევნების გაყალბების” გამოძიებას აპირებს

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარტია აპირებს, დაიწყოს გამოძიება და გაარკვიოს, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები.

სწორედ “საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამოძიება” იქნება, დავით თარხან-მოურავის თქმით, ერთ-ერთი მიზანი,  რისთვისაც “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებს.

-“ჩვენ ძალიან უკმაყოფილონი ვართ ამ არჩევნების შედეგით. იმ რიცხვებს, რა რიცხვებიც დაიდო, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით. ჩვენი აზრით, ეს ციფრები არ ასახავს რეალობას. ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ დავასაბუთოთ ამ ციფრების უსამართლობა და დავამტკიცოთ, რომ არჩევნების შედეგები სინამდვილეში სხვანაირი იყო”, – აცხადებს პარტიის ლიდერი. მისი თქმით, არასაპარლამენტო პარტიებთან ერთად შეეცდება, “ფართომასშტაბიანი გამოძიება” ჩაატაროს და გაარკვიოს, როგორ ჩატარდა არჩევნები ისე, რომ I-II ადგილზე “სულ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები გავიდნენ”.

კითხვაზე, თუკი გამოძიებამ მართლაც დაადგინა რაიმე, რა სამართლებრივი ძალა ექნება, დავით თარხან-მოურავი პასუხობს: “ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, პოლიტიკური ძალა უნდა ჰქონდეს. სამართლებრივიც კარგია, მაგრამ… რა ძალა ჰქონდა ჩვენს მოქმედებებს საგარეჯოსთან მიმართებაში? არაფერი, გარდა იმისა, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” დაიშალა. პოლიტიკური შედეგია მთავარი და ვფიქრობ, რომ ეს შედეგები არ იქნება სახარბიელო არც ხელისუფლებისთვის და არც ნაციონალური მოძრაობისთვის”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ “ეს იქნება ძალიან მწვავე გამოძიება”. თუმცა თარხან-მოურავი არ აკონკრეტებს, თუ რომელი არასაპარლამენტო პარტიები იქნებიან ამ “გამოძიებაში” ჩართული.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 5.01% მიიღო (88 097 ხმა), რაც არსებული კანონმდებლობით ნიშნავს, რომ ისინი პროპორციული სიით 6 დეპუტატს შეიყვანენ საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს – აქ “პატრიოტებმა” 5.7% (8980 ხმა) მიიღეს, ანუ ერთი მანდატი.

ასევე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ პარტიამ 1 კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომლის მიხედვით, ხმათა იმ გადანაწილებით, რაც ახლა არსებობს, “პატრიოტთა ალიანსი” მხოლოდ 6 მანდატს იღებს საქართველოს პარლამენტში:

-“ცესკომ შეჯამების დროს მანდატები მოგვანიჭა არასწორად. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში 1 კვირის წინ შევიტანეთ ამასთან დაკავშირებით სარჩელი — საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლი, რომელიც საუბრობს მანდატების განაწილებაზე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლთან”, – ამბობს გოჩა თევდორაძე. მისი თქმით, “პატრიოტებს” 10 მანდატი ეკუთვნით, ხოლო ცესკო 6 მანდატს აძლევს.

-“გადასანაწილებელი იყო 17 მანდატი, ამ 17 მანდატიდან ჩვენ გვაძლევენ მხოლოდ სამს. გადასანაწილებელია 1463 ხმა და თუ სწორად გადანაწილდება ეს ხმები, მაშინ ჩვენ 6-ის ნაცვლად 10 მანდატს მივიღებთ. რომ არ იყოს ის სრულიად არასწორი, არაკონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც სააკაშვილმა თავის დროზე შეატანინა საარჩევნო კოდექსში, ეს ისევ ასე იქნებოდა. და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გვითხრას საკონსტიტუციო სასამართლომ უარი”, – ამბობს დავით თარხან-მოურავი.

-“ცესკო გვეუბნება, რომ 6 მანდატი გვეკუთვნის, ამ დროს კი მინიმუმ 8 მანდატი გვეკუთვნის. ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში სრულიად არასწორად იყო დამატებით ჩანაწერი გაკეთებული საარჩევნო კოდექსში, რომელიც ჩვენ უფლებებს ლახავს, იმიტომ, რომ ყველა პარტია, რომელიც დარჩა ბარიერს მიღმა, მათი პროცენტები უნდა განაწილდეს იმ პარტიებზე, ვინც შევიდა პარლამენტში. ამას ამბობს კონსტიტუციაც, მაგრამ დღევანდელი ჩანაწერი კოდექსში ისეა გაკეთებული, რომ მხოლოდ ხელისუფლება და ენმ ინაწილებს რატომღაც ამ დარჩენილ 17 ადგილს და ჩვენ არ ვმონაწილეობთ იქ. რაც არასწორია. ჩვენ ამას ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო [სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს]”, – ამბობს თარხან-მოურავი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com