საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში აჭარიდან შვიდი სპორტსმენი მოხვდა, ერთი მათგანის წასვლის საკითხი ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პიტერ ზაინზებახერი არჩევანს სწორედ ჩვენს ფალავანზე გააკეთებს, საუბარია ძიუდოისტ ამირან პაპინაშვილზე (60 კგ.), რომელსაც კონკურენციას ბექთილ შუკვანი უწევს.
უკვე გადაწყვეტილია ოლიმპიადაზე ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ.) წასვლა, რომელიც მესამე წელია შიდა ტურნირებზე აჭარის სახელით ასპარეზობს. ლიპარტელიანი სწორედ ის ძიუდოისტია, ვისზეც ყველაზე დიდ იმედებს ამყარებენ ოლიმპიურ თამაშებზე და ამის საფუძველს მის მიერ ბოლო ტურნირებში ნაჩვენები შედეგები იძლევა.
ბერძნულ –რომაული სტილით მოჭიდავემ გურამ ფერსელიძემ (120 კგ.) და მალხაზ ზარქუამ (60 კგ.), რომელიც თავისუფალ სტილში ჭიდაობს, სალიცენზიო ნორმატივი კარგა ხანია შეასრულეს და ოლიმპიური საგზურიც დაბევებული აქვთ. კიდევ ორი სპორტსმენი, რომელიც აჭარიდან იასპარეზებს, ძალოსნები – ირაკლი თურმანიძე და გია მაჭავარიანი არიან, რომელთაც სალიზენციო მაქსიმუმი ასევე შესრულებული აქვთ. ოლიმპიური ლიცენზია მოპოვებული აქვს ველომრბოლელ გიორგი ნადირაძესაც.
ირაკლი თურმანიძე, ძალოსანი (მძიმე): ერთთვიანი შეკრება ჩაქვში გავიარეთ, ახლა კი დუშეთში, საწვრთნელ ბაზაზე ვემზადებით. ოლიმპიადაზე პირდაპირ აქედან 25 ივლისს გავემგზავრებით. კარგ ფორმაში ვარ და ვფიქრობ, რეალური შედეგის დადებაც შემიძლია. ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოვიპოვე, ორჭიდის ჯამში კი მესამე ადგილზე გავედი. მას შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზეც ვიასპარეზე და შედეგი 2-2 კილოგრამით გავაუმჯობესე. წინასწარ ძნელია რამის თქმა, მაგრამ თავს არ დავზოგავ და მაქსიმუმს გავიღებ.
გია მაჭავარიანი, ძალოსანი (105 კგ): საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ აჭარაში, ახლა კი მომზადების დასკვნით ეტაპზე ვართ გადასული. პირობები კარგი გვაქვს. რაც შეეხება შანსებს, ის ყველა სპორტსმენს აქვს. კონკურენცია, რა თქმა უნდა, დიდია. პირადად ჩემს წონაში ხუთი სპორტსმენია, ვისაც მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს, უკრაინელი, ბელორუსი, პოლონელი და რუსი ძალოსნები, მეხუთე მე ვარ! ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და საქართველოს მედლით დავუბრუნდები.
გიორგი ნადირაძე, ველომრბოლი: ”პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რაც ჩემ შესახებ ითქვა, თითქოსდა ველური ბარათით მოვხვდი ოლიმპიადაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. სხვადასხვა ტურნირში დაგროვილი ქულებით მოვიპოვე ლონდონის საგზური. შანსს რაც შეეხება, ძნელია წინასწარ რამე განსაზღვრო. 170 კაცი დგება სტარტზე და ამათგან ვინ იქნება უძლიერესი, ფინიშზე გამოჩნდება. სამთვიანი შეკრება იტალიაში გავიარე და ახლა დასკვნით მოსამზადებელ პერიოდს საქართველოში გავდივარ. მართალია, პირველ ადგილზე პრეტენზიას ნამდვილად არ ვაცხადებ, მაგრამ ჩემი სპორტული ფორმა მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ.
”ბათუმელებმა” ამირან პაპინაშვილთან და ვარლამ ლიპარტელიანთან დაკავშირება ვერ შეძლო, რადგან სპორტსმენები საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებიან, ამიტომ კომენტარი მათ შესახებ აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს სულიკო ფეიქრიშვილს ვთხოვეთ.
სულიკო ფეიქრიშვილი: ამირან პაპინაშვილს, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, კონკურენტ შუკვანთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს. ის მსოფლიოს რვა უძლიერეს ძიუდოისტთა შორის მეხუთე ადგილზეა, შუკვანი კი – მეთერთმეტეზე. ლიცენზია ორივე სპორტსმენს მოპოვებული აქვს და ახლა უკვე მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუ ვის დააყენებს ნაკრებში. ჩემი აზრით, უპირატესობა პაპინაშვილს უნდა მიანიჭოს.
რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ.), მას საქართველოში ამ წონაში კონკურენტი არ ჰყავს და უპირობო ლიდერადაც ითვლება. მისი ყველას გვეიმედება, საკმაოდ კარგი ფალავანია. ბოლო ტურნირებზეც დამაჯერებლად იჭიდავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოლიმპიური მედალი უკვე განაღდებული აქვს. მის წონაში ხუთი საკმაოდ ძლიერი სპორტსმენი გამოდის – იაპონელი, რუსი, ბრაზილიელი… ზოგიერთთან წაგებული აქვს, ზოგიერთიც დამარცხებული ჰყავს. ყველაფერი დამოკიდებულია კენჭისყრაზე, თუ რომელ ბადეში განითესება ვარლამი. იმედია, გაუმართლებს და პირველივე შეხვედრაში არ შეხვდება ძლიერი მეტოქე.”
გურამ ფერსელიძე კი ამჟამად ბელორუსში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე და მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში.
რაც შეეხება პრემიალურ თანხებს, რომელსაც ქართველი ოლიმპიელები მედლების მოპოვების შემთხვევაში მიიღებენ: საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონს 100 000 – ლარით, მეორე ადგილზე გასულს – 60 000 ლარით, მესამე ადგილზე გასულს კი 40 000 ლარით დააჯილდოვებს. აჭარის მთავრობა სპორტსმენებისათვის შესაბამისად – 30, 25 და 20 ათას ლარს გაიღებს.