პრემიერმა განაცხადა, რომ დახმარებას სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახი მიიღებს.
“ამ წუთებში ვახორციელებთ შხამქიმიკატების და საწვავის უფასო დარიგებას, იმისათვის, რომ გლეხებმა გადაარჩინონ ის ნარგავები, რაც ბოლომდე არ არის განადგურებული, რათა გლეხებმა მომავალ წელს მაინც მიიღონ მოსავალი. ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს სასურსათო პაკეტს: შაქარს, ზეთს და ფქვილს”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისი თქმით, მოხდება ყველა დაზარალებულის აღწერა, ვისაც სახლები დაუზიანდა.
პრემიერის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა სამ ნაწილად დაიყო: “ვინც 100 პროცენტით დაკარგა ნარგავები, კომპენსაციის სახით 1300 –1500 ლარს მიიღებს. 70–80 პროცენტით დაზარალებულები 800–900 ლარს მიიღებენ, 50 პროცენტით კი– 300–500 ლარს. კომპენსაციას მიიღებენ თელავში, გურჯაანში, ყვარელში და ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულები”.
პრემიერ -მინისტრმა სტიქიით დაზარალებულებისათვის სანაბანკო კრედიტებზე შეღავათების დაწესების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე აპირებენ, რომ ბანკებთან მოილაპარაკონ. მერაბიშვილი აცხადებს, რომ საბანკო კრედიტზე დარიცხულ პროცენტს მთავრობა გადაიხდის.