ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო და საშინაო ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

“ქვეყნის ვალმა (საშინაო და საგარეო) ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია და შეადგენს 12,8 მილიარდ ლარს; მაშინ, როცა 2012 წელს ვალი იყო 7,8 მლრდ ლარი;  2013 წელს -8,6 მლრდ ლარი, 2104 წელს- 9,7მლრდ ლარი; 2015 წელს -12,5 მლრდ”, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

დღეს, 25 ოქტომბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე, მაჭავარიანმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას, 9 თვის მონაცემების მიხედვით, კვლავ მანიპულირებითა და კანონის დარღვევით ახორციელებს.

მაჭავარიანი ასევე შეეხო იმ ფაქტსაც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებას  132 მლნ. ლარი დააკლდა.

“საგადასახადო შემოსავლებში ყველაზე დიდი დანაკლის დღგ-ს გადასახადშია, ის შესრულდა 87,7%-ით. რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციის და მომსახურების ნაწილშია დიდი შეუსრულებლობა 2015 წელთან შედარებით, წელს 704 მლნ. ლარით ნაკლებია შემოსული (2015 წ -1397,8 ;  2016წ.-688,4მლნ. ლარი). ვერ შესრულდა გრანტების მუხლიც, დანაკლისმა შეადგინა 84 მლნ. ლარი;  გეგმასთან შედარებით პრივატიზაციიდან მიუღებელი დარჩა 4 მლნ. ლარი;  ვერ შესრულდა საზღვარგარეთიდან მისაღები გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მუხლიც 311 მლნ. ლარით (დანაკლისია)”, – აცხადებს მაჭავარიანი.

მაჭავარიანის განცხადებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული პარამეტრი, 200 მლნ. ლარი საშინაო ვალის ზრდას ითვალისწინებდა, ხოლო მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებების განუხორციელებლად, უკვე 9 თვის მდგომარეობით, 211 მლნ. ლარი მოიზიდა (უკანონოა 11 მლნ. ლარი), ხოლო მე-4 კვარტალში გეგმით გათვალისწინებულ მოსაზიდ 134 მლნ. ლარს, ასეთ შემთხვევაში, შიდა ვალის თითქმის 70% ზრდა გამოსდის (211+134=345), ამბობს მაჭავარიანი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *