კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელიც წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ისევ „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრის, 13 ივლისს სოფელ ზემო ალვანის სკოლის მასწავლებლებს და რამდენიმე საჯარო მოხელეს ნაფარეულში, რესტორან „ღვინის სახლში“ უმასპინძლა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რესტორანში იმყოფებოდნენ პეტრე ცისკარიშვილი, მისი თანაშემწე დავით ცისკარიშვილი (კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე); ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოფელ ზემო ალვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ყიზილაშვილი; ზემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი ბაგრატ ქადაგიძე; ზემო ალვანის საჯარო სკოლის პედაგოგები, სულ 30–მდე ადამიანი.
როგორც ick.ge წერს, სტუმრები რესტორანში დავით ცისკარიშვილმა მიიწვია და ხარჯებიც მან გადაიხადა. რესტორანში ქეიფი გვიან ღამემდე გაგრძელდა. სტუმრების გასამხიარულებლად რესტორანში დოლ – გარმონზე უკრავდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი დავით ცისკარიშვილს ვერ დაუკავშირდა.
“თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში რესტორანი „ღვინის სახლი“, ე.წ. ტყუპების მარანი ძმებს– გელა და გია გამტკიცულაშვილებს ეკუთვნით. ერთი ადამიანის გამასპინძლება საშუალოდ 25 ლარი ღირს. გია გამტკიცულაშვილმა მოუცლელობის მიზეზით კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარი არ ისურვა. გელა გამტკიცულაშვილმა კი 13 ივლისს რესტორანში პეტრე ცისკარიშვილის და სხვა პირების ქეიფის ფაქტი უარყო,”– წერს კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
მასალა სრულად იხილეთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებვერდზე.