ახალი ამბები

როგორ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი? — ნეტგაზეთის ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგები

24 ოქტომბერი, 2016 • 1898
როგორ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი? — ნეტგაზეთის ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგები

“ქართული ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას აპირებს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, რაც არჩევნების მეორე ტურების ჩატარების შემდეგ გაირკვევა. “ნეტგაზეთმა” ჩაატარა ინტერნეტ-გამოკითხვა, – ჩვენ მკითხველს ვკითხეთ, როგორ ფიქრობს — საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო წესით უნდა აირჩიონ, თუ  პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

“ნეტგაზეთის” გამოკითხვაში მონაწილეობა 180-მა ადამიანმა მიიღო. მათგან უმრავლესობა – 81.67% (147 ადამიანი) ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ, საყოველთაო წესით უნდა აირჩიონ.

პრეზიდენტი რომ პარლამემტმა უნდა აირჩიოს,  გამოკითხვაში მონაწილეთა 16.67% ფიქრობს.

როგორ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი? — "ნეტგაზეთის" გამოკითხვის შედეგები. 24.10.2016

როგორ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი? — “ნეტგაზეთის” გამოკითხვის შედეგები. 24.10.2016

ჩვენს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა გამოკითხვაში მონაწილე 180 ადამიანიდან მხოლოდ 1-ს, ხოლო ორმა რესპონდენტმა განსხვავებული პასუხები შემოგვთავაზა:

ერთ-ერთი მათგანი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს პრეზიდენტი საერთოდ არ უნდა ჰყავდეს, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა, მისი აზრით, “რესურსების უყაირათო ხარჯვაა”. მეორეს კი მიაჩნია, რომ, მართალია, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა დანიშნოს, თუმცა ეს პარლამენტი მთლიანად პროპორციული წესით უნდა იყოს არჩეული (ამჟამად პარლამენტს შერეული — პროპორციული და მაჟორიტარული — წესით ირჩევენ.


დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო არჩევნების გზით, თუმცა მისი უფლებამოსილება მკვეთრად შესუსტდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველო საპრეზიდენტოდან ნახევრად საპარლამენტო მოწყობის მოდელზე გადავიდა.

წაიკითხეთ “ნეტგაზეთზე”: არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი:

  • რა პოზიცია ექნებათ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნის საკითხზე პარლამენტში შემავალ პარტიებს?
  • უნდა გაუქმდეს თუ არა პირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები?
  • სამეზობლოს გამოცდილება

მასალების გადაბეჭდვის წესი