„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კომპანიის უძრავ–მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების გამო ვერც მასალას გამოვიყენებთ და ვერც ელექტროენერგიას დავხარჯავთ. ეს უკვე დანაშაულია და ახალი ჯარიმების საბაბი გახდება“– ამბობს თენგიზ გვაზავა.
„ელიტა ბურჯის“ ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ „ნეტგაზეთს “განუცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 14 ივლისს, დილის 10 საათზე გაიმართა. სასამართლომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, შპს „ელიტა ბურჯი“ 3,4 მილიონი ლარით დააჯარიმა.
ადვოკატის შეფასებით, ეს უკანონო ქმედებაა და ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „საჩივარს შევტანთ სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ამ მიმართულებით რაიმე შედეგის მიღების იმედი არ მაქვს“– ამბობს ბარამიძე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს “ელიტა ბურჯის” საბანკო ანგარიშების და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. http://www.control.ge/news/id/530, სადაც „ელიტა ბურჯს“ “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური“ უკანონო ფინანსურ შემოწირულობების განხორციელებაში ადანაშაულებს.
კონტროლის პალატამ 2012 წლის 15 მარტს”ქართული ოცნებისთვის” უკანონო შემოწირულობის გამო 2 მილიონ 500 ათასი ლარით დააჯარიმა შპს ”ელიტა ბურჯი”. მაკონტროლებელი უწყების ცნობით, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ ბრენდირებული მაისურების დამზადების კანონიერება. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ელიტა ბურჯმა“, როგორც იურიდიულმა პირმა, 150 000 აშშ დოლარის (250 000 ლარის) უკანონო შემოწირულობა განახორციელა პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ჯარიმის თანხა საეჭვო თანხის ათმაგი ოდენობით განისაზღვრა.