ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2016 წელს 23%-ით გაიზარდა

21 ოქტომბერი, 2016 • 1697
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2016 წელს 23%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ხოლო,2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 103%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ქეთევან ალექსიძის ინფორმაციით,  2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში სულ გადაყვანილია 2,181,684 მგზავრი. აქედან აეროპორტების პროცენტული წილი ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 79,1%, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 12,4%, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 8,4%, ხოლო მესტიის აეროპორტი – 0,14%.

ქეთევან ალექსიძის თქმით, საქართველოს აეროპორტებში ამჟამად ოპერირებს 33 ავიაკომპანია, ხოლო ავიარეისები სრულდება 20 ქვეყნის 46 მიმართულებით.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 31 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 36 მიმართულებით.

2016 წელს აეროპორტს დაემატა 5 ახალი ავიაკომპანია (Qeshm Air, Ata, El Al, Taban Airline, Zagros Airlines ) და 4 ახალი მიმართულება (ისპაჰანი, დამამი, პეკინი, ბაჰრეინი).

2016 წლის  ოქტომბერსა და ნოემბერში  სამი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას: Turkmenistan Airlines – აშხაბადი (კვირაში სამი სიხშირით); Pobeda – როსტოვი (კვირაში ორი სიხშირით); Dart – კიევი (კვირაში ორი სიხშირით).

ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 16 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 15 მიმართულებით.
2016 წელს დაემატა 6 ახალი ავიაკომპანია (EL AL, Scat Airlines, Airarabia, Ata, Taban Airline, Bravo Airways) და 4 ახალი მიმართულება (აქტაუ, შარჟა, სანკტ. პეტერბურგი, თეირანი).

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  ოპერირებს 4 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 15 მიმართულებით.

ავიაკომპანია WizzAir-ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული თვითმფრინავი ავიარეისებს ასრულებს 7 ახალი მიმართულებით, ესენია ბერლინი, მიუნხენი (მემმინგენი), დორტმუნდი, მილანი, ლარნაკა, სოფია.

თამარ მეფის სახელობის მესტიის ადგილობრივ აეროპორტში 2016 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში გადაყვანილია 3,105 მგზავრი, აქედან მგზავრთა 44% იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესრულდა 129 ავიარეისი.

რეისები სრულდება: ნატახტარი – მესტია (კვირაში 6 სიხშირე), ქუთაისი – მესტია  (კვირაში 2 სიხშირე).

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით 18 ათას ტონაზეა ასული ტვირთბრუნვა, რაც 80%-ზე მეტი ზრდაა.

“მოგეხსენებათ, რომ ამბროლაურში სულ ცოტა ხნის წინ უკვე გავხსენით ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თუმცა შემდეგ წელს ჩვენ ნამდვილად გვაქვს სხვა რეგიონული აეროპორტების მშენებლობის საკმაოდ ამბიციური გეგმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას როგორც შიდა ტურიზმის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი