”ბოლო პერიოდში ჩვენ, ჟურნალისტებს, არ გვიშვებენ საკრებულოს სხდომებზე. ასევე, როგორც გაირკვა, მერიის აპარატმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც არ გვიშვებენ მერიაში. აქედან გამომდინარე, გვინდა ვუთხრათ მათ, რომ თავისუფლალი მედია უნდა იყოს შეზღუდვების გარეშე და მოგვცენ უფლება, შევასრულოთ ჩვენი პროფესიული ვალი,”- განაცხადა ”ნეტგაზეთთან” საუბარში აქციის მონაწილემ, გაზეთ ”P.S.”- ის ჟურნალისტმა, ირაკლი ვაჩიბერიძემ.
”გაურკვეველ სიტუაციას ქმნის ის, რომ მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლები, ისევე როგორც საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები, არ არიან ჩამოყალიბებული საშვის სისტემასთან დაკავშირებით. ერთ დღეს აცხადებენ, რომ არავითარი ბრძანება არ არსებობს, მეორე დღეს კი ეს ბრძანება არსებობს. შემდეგ ამბობენ, რომ ყოველ შესვლაზე ახალი საშვი უნდა ამოვწეროთ, ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ დღის განმავლობაში ერთ საშვს ამოვწერთ და რამდენჯერაც მოგვინდება, იმდენჯერ შევალთ,”- ამბობს ”ახალი გაზეთის” კორესპონდენტი ქრისტინე ქარჩხაძე.
აქციას ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ადვოკატებიც შეუერთდნენ. იურისტ გიორგი ჭიქაბერიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საკრებულოს სხდომები საჯაროა და ჟურნალსიტებს, ისევე როგორც ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს, არ უნდა ექმნებოდეთ პრობლემა მასზე დასწრებისა და ინფორმაციის გამოტანა–გავრცელების კუთხით.
”საია მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, რომ დაიცვან ჟურნალისტების უფლებები და მათ მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება. საიას სამართლებრივი დაცვის ცენტრი შესაბამის დახმარებას გაუწევს ჟურნალისტებს. რაც შეეხება საშვთა სისტემის მოქმედებას, ამას საია სწავლობს და შესაბამის ღონისძიებას განახორციელებს კანონით დადგენილ ფარგლებში,”- აცხადებს გიორგი ჭიქაბერიძე.
ქუთაისის მერიაში ამოქმედებული შეზღუდვების შესახებ ჟურნალისტებისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. კონკრეტულად ოთხშაბათს, 11 ივლისს, როდესაც ქალაქის საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი არ დაუშვეს.