”მაესტროს” ჟურნალისტების მიმართვის ტექსტი აქციაზე მყოფებს ამავე ტელეარხის ჟურნალისტმა, თეა სიჭინავამ გააცნო:
”მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა!
მოხსენით ყადაღა!
დაუშვით მაესტრო ყველა ოჯახში!
ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ!
ეს არის ყველა ის პრინციპი, რის გამოც ჩვენ, ”მაესტროს” თანამშრომლები დღეს აქ შევიკრიბეთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, აქვთ უფლება მოისმინონ განსხვავებული აზრი. ჩვენ ამ პრინციპს ყოველდღიურად ვიცავთ და გვსურს ყოველივე ეს მაყურებელს შეუფერხებლად მიეწოდოს. მოგვეცით შესაძლებლობა, შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა და დავიცვათ მოქალაქეების უფლება, მიიღონ ინფორმაცია! ინფორმაციის შეზღუდვა მავნებელია!” – ნათქვამია ”მაესტროს” ჟურნალისტების განცხადებაში.
”მაესტროს” ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პროექტი – ”მაესტრო ყველა ოჯახში” – არ იყო მხოლოდ ”მაესტროს” მფლობელების ინიციატივა და მის განხორციელებაში მონაწილეობა ჟურნალისტების სურვილიც იყო.
”ეს არის ჩვენი, ჟურნალისტების პოზიცია, რომ ჩვენი პროდუქცია, ის, რასაც ვაკეთებთ, იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი – გვყავდეს მეტი მაყურებელი, მეტი მსმენელი და ადამიანები იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებული. მიმაჩნია, რომ ეს კეთილშობილური მიზანია,” – აცხადებს დიანა ტრაპაიძე. მისთვის პროკურატურის არგუმენტები, ”მაესტროს” სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით, დამაჯერებელი არ არის.
”ჩემთვის, როგორც ამ ტელეარხის რიგითი ჟურნალისტისთვის, ნამდვილად არ არის წონადი არგუმენტი ის, რომ ეს ანტენები იგივე კომპანიაში იქნა შეძენილი, რომელი კომპანიისგანაც ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი” ყიდულობდა ანტენებს.
ის პროდუქცია მოდის თურქეთიდან და მხოლოდ ეტიკეტით დაკავშირება იმ კომპანიასთან, რომელიც, თავის მხრივ, თითქოს დაკავშირებულია ივანიშვილთან და ამის უკან იკვეთება ამომრჩევლის მოსყიდვა, არადამაჯერებელია. მე ”გლობალ ტვ”–ის საქმის მიმართაც მაქვს ბევრი კითხვა, წაკითხული მაქვს არასამთავრობოების დასკვნები, სადაც წერია, რომ სამართლებრივად არ არის გამართული გლობალ ტვ-ის საქმე. იმის ფონზე, რომ ”გლობალ ტვ”–ის საქმე ძალიან ბუნდოვანია, კავშირი ”მაესტროსა” და ამ კომპანიას შორის უფრო გაუგებარი მეჩვენება,” – ამბობს დიანა ტრაპაიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნით, საბაჟოზე დააყადაღა ”მაესტროს” კუთვნილი ათასობით სატელიტური ანტენა. ტელეკომპანიის განცხადებით, ისინი მაუწყებლობის დაფარვის ზონის გაფართოების მიზნით ანტენების მოსახლეობისთვის შეღავათიანი პირობებით მიყიდვას გეგმავდნენ. მიუხედავა ამისა, პროკურატურამ მიიჩნია, რომ ეს იყო ”თვალთმაქცური გეგმა”, რომელიც მიზნად ისახავდა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვას.