ახალი ამბები

”ახალმა მემარჯვენეებმა” შიდა ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს

13 ივლისი, 2012 •
”ახალმა მემარჯვენეებმა” შიდა ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს

“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დღეს, 13 ივლისს, გორში შიდა ქართლის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდიდატები  დაასახელა.

 

”შიდა ქართლშიც, იმერეთის მსგავსად, პარტიამ  პრიორიტეტი საკუთარი  გუნდის წევრებს  მიანიჭა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში და, რაც მთავარია, კომპეტენტურობით, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით გამოირჩევიან,” – აცხადებენ ”ახალი მემარჯვენეები”.

 

გორში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებულია იოსებ ბორცვაძე, რომელიც პარტიის მთავარი კომიტეტის წევრია და შიდა ქართლის რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ”ახალი მემარჯვენეების” ცნობით, მისი აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა სტუდენტური მოძრაობიდან დაიწყო, სადაც იგი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.  სოსო ბორცვაძემ ეს საქმიანობა ჯერ არასამთავრობო სექტორში, ხოლო შემდეგ პოლიტიკაში განაგრძო. ის “ახალი მემარჯვენეების” წევრია 2001 წლიდან, სადაც საქმიანობა დაიწყო როგორც  ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

კასპში “ახალი მემარჯვენეების” კანდიდატი დავით ციხისთავი იქნება, რომელიც ასევე პარტიის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

 

ხაშურში კადიდატად დასახელდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია ახალკაცი. ”ახალი მემარჯვენეების” ცნობით, ის კარგად იცნობს რაიონის სპეციფიკას და შეუძლია იზრუნოს რაიონის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე. 

დავით გამყრელიძე
დავით გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი