აღნიშნულის შესახებ მან დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ის არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, მან აღნიშნა, რომ გარედან მხარს დაუჭერს კოალიცია “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიას.
“მე დღეს პირველად შევხვდი ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელ შეხვედრაზე მე და ბიძინა ივანიშვილი შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აუცილებელი არ ვარ და ისევ ჩემს საქმიანობას დავუბრუნდები, იქ ვიმუშავებ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. მე მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილსა და მის მიერ შერჩეულ სტრატეგიასა და შერჩეულ გუნდს. ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული არაერთი ჭორის მიუხედავად, გუნდი სერიოზულია, რომელსაც სერიოზული ღირებულებები აერთიანებს”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა კომენტარი პარტია “საქართველოს გზის” მომავალზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ “საქართველოს გზა” კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” კონკურენციის რეჟიმში არ იქნება.
“საჭიროა ყველა პარტიამ შეინარჩუნოს იდენტობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებასთან” კონკურენციისა და თავდასხმების რეჟიმში არ ვიქნებით, მაგრამ მხარს დავუჭერთ და განვავრცობთ მრავალპარტიულ სისტემას, რადგან ეს არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა. იმ შემთხვევაში კი, თუ ბიძინა ივანიშვილი არ გაჰყვება იმ გზას, რომელიც დღეს აქვს არჩეული, ჩვენი პარტია იქნება პირველი, ვინც კოალიციის ოპოზიცია გახდება”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკიდან 2010 წელს წავიდა.