ახალი ამბები

ვინ დაუკვეთა სატელევიზიო ვიდეორგოლები ივანიშვილის წინააღმდეგ

12 ივლისი, 2012 •
ვინ დაუკვეთა სატელევიზიო ვიდეორგოლები ივანიშვილის წინააღმდეგ

კლიპებში გამოყენებულია დამონტაჟებული ფრაგმენტები ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლებიდან. არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველო არ იყიდება” ხელმძღვანელი გიგა ნასარიძე ამბობს, რომ ამით ივანიშვილის პერსონის დისკრედიტაცია არ ხდება, რადგან საჯარო გამოსვლებიდან ამონარიდები კომენტარის გარეშე გადის.  

 

ნასარიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ საპროტესტო საინფორმაციო კამპანიას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფართო ხასიათი ექნება და, სავარაუდოდ, არჩევნებამდე გაგრძელდება:

 

„ყველაფერი თანმიმდევრულად დაიგეგმება. რამდენიმე კლიპი უკვე გადის “რუსთავი 2″–ზე და “იმედზე”. მოლაპარაკებები გვაქვს “კავკასიასთან” და “მაესტროსთან”. ვფიქრობ, ამ კლიპების განთავსებაზე ეს არხები უარს არ იტყვიან“.

 

ნასარიძე ამბობს, რომ მისი არასამთავრობო ორგანიზაცია შემოწირულობებით ფინანსდება. მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანასების სურვილი საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა:

 

„მოლაპარაკებებს რამდენიმე ცნობილ სახესთანაც ვაწარმოებთ. სავარაუდოდ, თანხმობას მივიღებთ. მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ“.

 

კლიპების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია საინფორმაციო ფურცლებს დაბეჭდავს. ამ აქციებით ნასარიძე ქართულ პოლიტიკაში “ოლიგარქიული ფულის შემოსვლას” უპირისპირდება:

 

„ოლიგარქიული ფულით საარჩევნოდ ხმების მოსყიდვა არ უნდა მოხდეს, ეს საკმაოდ საშიში პროცესია“.

 

გიგა ნასარიძემ დღეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭო დატოვა:

 

„მსურს, აბსოლუტურად თავისუფალი ვიყო. სამეურვეო საბჭოდან იმიტომ წამოვედი, რომ არ მინდა მისი დისკრედიტაცია მოვახდინო.“  

 

ნასარიძე ამბობს, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ გეგმავს და გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საარჩევნოდ „ნაცმოძრაობის“ სახე გახდება, არ ადასტურებს:

 

„მსგავსი შემოთავაზება, არ მიმიღია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი