ახალი ამბები

დუმბაძე ადასტურებს, რომ ის “ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

12 ივლისი, 2012 •
დუმბაძე ადასტურებს, რომ ის “ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

დღეს ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ჩამონათვალში კი, რომელიც ჟურნალისტებს დაურიგდათ, მურმან დუმბაძე ბათუმში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო მოხსენიებული. თუმცა, ის თავად არ დასწრებია წარდგენას და არც ბიძინა ივანიშვილს დაუსახელებია.

 

აღნიშნული ფაქტი დუმბაძემ ტექნიკურ შეცდომას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ აჭარის 6 მაჟორიტარი ცალკე დასახელდება.

“მე ხშირად ვხვდები ბატონ ბიძინას და “ქართული ოცნების” თბილისის ოფისში კვირაში სამჯერ ვარ. რაც შეეხება დღეს, რატომ ვერ ჩამოვედი თბილისში, იმიტომ, რომ უამრავი ღონისძიება იყო დღეს დაგეგმილი ბათუმის “ქართული ოცნების” შტაბში და ის ვერ დავტოვე. 

 

აქ არის გაპარული ტექნიკური შეცდომა იმიტომ, რომ აჭარის მაჟორიტარები ერთად უნდა დასახელებულიყო. გასაგებია, გარკვეულია ბათუმის მაჟორიტარის ვინაობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტექნიკური სახის შეცდომა მოუვიდათ ვიღაცებს. ამიტომ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ერთი სია და პრეზენტაციაზე წაიკითხეს მეორე სია. უნდა გითხრათ, რომ აჭარაში მაჟორიტარობის ექვსი ოლქია  და ექვსივეზე კანდიდატი დასახელდება ერთად. ჩემი თხოვნაც ასეთი იყო და პოლიტიკურმა საბჭომაც ასეთი წინადადება დააკმაყოფილა, რადგან მე ვფიქრობ, რომ უფრო სამართლიანი და გასაგები იქნება მოსახლეობისთვის”, – განაცხადა დუმბაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

კოალიციის მიერ მურმან დუმბაძის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელება სოციალურ ქსელებში  განხილვის თემად იქცა, მისი ქსენოფობური განცხადებების გამო აჭარაში რესპუბლიკური პარტიის წევრ გიორგი მასალკინის მიმართ.

კერძოდ, მურმან დუმბაძემ  “ობიექტივის” ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს, რომელიც 31 მარტს ბათუმის “25-ე არხის” სტუდიაში შედგა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგ აქციის ორგანიზებას შეეხებოდა, “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მასალკინი, რომელიც პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს ამ აქციას გაემიჯნა, შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: “გიორგი მასალკინი არ არის  გენით ქართველი. ვერ მიხვდა, რა არის საქართველო… ნახევარი წელი ვკამათობდით ამ საკითხზე. ოშკი გაგონილი არ აქვს, სანთელი არ დაუნთია. ოშკს მასწავლის ახლა გიორგი მასალკინი, რა არის?  … ქართველობაა მთავარი, ტერიტორიაა მთავარი, ღირდარსებაა მთავარი, სამშობლოა მთავარი, ჩემი წინაპრის სასაფლაოა მთავარი”.

ამ საკითხთან დაკავშირებით  ბიძინა ივანიშვილმა 3 აპრილს “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ ის გაარკვევს და შესაბამისი რეაგირებით უპასუხებს კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრის, მურმან დუმბაძის ქსენოფობურ გამონათქვამს რესპუბლიკური პარტიის წევრ გიორგი მასალკინთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ  მურმან დუმბაძემ ქართულ საზოგადოებას და რესპუბლიკური პატიის წევრ გიორგი მასალკინს ქსენოფობური განცხადებისთვის ბოდიში მოუხადა.

მურმან დუმბაძე ერთ-ერთი ორგანიზატორია აქციებისა, რომელიც ბოლო დროს ბათუმში იმართება აზიზიეს მეჩეთის აღდგენის წინააღმდეგ.  დაახლოებით ერთი წლის წინ  ის რესპუბლიკურმა პარტიამ გარიცხა თავისი რიგებიდან აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციების გამო.

რესპუბლიკური პარტიის წევრობის შემდეგ მურმან დუმბაძე გახდა  საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს” წევრი.   2011 წლის მაისში  ის მონაწილეობდა “სახალხო კრების” მიერ ორგანიზებულ აქციებში. 26 მაისს, აქციის დაშლისას ის სამართალდაცავებმა დააკავეს. დუმბაძემ განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ სცემეს. დაკავებამდე დუმბაძე “ბიბისის” ვიდეოკამერამ დააფიქსირა. აღნიშნულ კადრებში დუმბაძეს ცემის კვალი არ ეტყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი