“ეს არის სულელური ბრალდება და რატომ უნდა გავცე მე ამ შეკითხვას პასუხი, არ მესმის. არც ერთი ცენტი არასოდეს ცხოვრებაში, ბატონ ბიძინას და მის მეუღლეს – ეკას ჩემს ანგარიშზე არ ჩაურიცხია”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 11 ივლისს, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გაცხადებული პოლიტიკური მიზნების და ამოცანების მქონე ფიზიკური პირის – ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საბანკო ანგარიშებიდან, 2012 წლის განმავლობაში, სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე ფულადი თანხა ჩაირიცხა, რომელიც ამ უკანასკნელმა ჩარიცხვისთანავე გაიტანა ბანკიდან.
“რადგან ბიძინა ივანიშვილი, მისი საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, ამავდროულად, უკვე არაერთხელ აქვს დარღვეული პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციები შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს და ნოდარ ჯავახიშვილის მიერ განაღდებული მილიონობით ლარი ორგანული კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სს „ბანკი ქართუს“ გენერალურ დირექტორს სთხოვა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამი დღის ვადაში წარუდგინოს დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ.