რადგან ბიძინა ივანიშვილი, მისი საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, ამავდროულად, უკვე არაერთხელ აქვს დარღვეული პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციები შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს და ნოდარ ჯავახიშვილის მიერ განაღდებული მილიონობით ლარი ორგანული კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს.
იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიღოს გონივრული რწმუნება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე ჩარიცხული სოლიდური თანხების ხარჯვის მიზნობრიობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სს „ბანკი ქართუს“ გენერალურ დირექტორს სთხოვა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამი დღის ვადაში წარუდგინოს დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ.




