დღეს, 11 ივლისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა(ყოფილი კონტროლის პალატა) განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანა. აღნიშნული კონტროლის პალატამ იმიტომ გააკეთა, რომ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ”ქართუ ჯგუფსა” და ”პროგრეს ბანკში” 21.7% წილს მყიდველი არ გამოუჩნდა.
აღნიშნული განცხადების შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კანონმდებლობის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.
იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას.
იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 11 ივნისს კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით 148 მილიონ 650 ათას 131 ლარის გადახდა დააკისრა საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა კონტროლის პალატის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისთვის ”გლობალ ტვ” –ის ანტენების, ფაქტიურად, უსასყიდლოდ გადაცემით 12 მილიონი ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა ”ქრთული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს სასარგებლოდ”. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ივანიშვილმა შპს ”ბურჯისა” და ”ელიტა ბურჯის” მეშვეობით ავტომობილები არასაბაზრო ფასად მიაქირავა ”ქართულ ოცნებას”. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი სადავო თანხის ათამგი ოდენობით დააჯარიმა, ჯარიმის საბოლოო თანხამ კი 148 მილიონ 650 ათას 131 ლარი შეადგინა.
აღნიშნული ჯარიმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 15 ივნისს გაანახევრა, შედეგად, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტის სასარგებლოდ საბოლოოდ 74 მილიონ 325 ათას 065 ლარის გადახდა დაევალა. ბიძინა ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას უკანონოდ მიიჩნევს. მან საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.