სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მერაბიშვილ–ივანიშვილის ერთმანეთის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს წარსული ურთიერთობების გამოძახილად მიიჩნევს:
“მე უფრო მგონია, რომ ერთმანეთის მიმართ ნაკლებად მკაცრი განცხადებები მათ შორის წარსული ურთიერთობების გამოძახილია, ვიდრე მათი მომავალი თანამშრომლობის”.
სოციოლოგი კი წარსულ ურთიერთობებში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ძალიან დაეხმარა საპატრულო პოლიციას და მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია განახორციელა საპატრულო პოლიციის აღჭურვა–შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის გამართვის თვალსაზრისით. ამასთან, კაჭკაჭიშვილი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ცოტა ხნის წინ პრემიერ მინისტრი გახდა, ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელ ფიგურად არ მიიჩნევს.
“ჩემი შეფასებით, მერაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. ის სააკაშვილის პოზიტიური დამატება, პოზიტიური შევსებაა. ივანიშვილსა და მერაბიშვილს შორის გარკვეულ შეთანხმებაზე საუბარი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, მერაბიშვილი რომ ყოფილიყო მეტნაკლებად დამოუკიდებელი. მე არ მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მერაბიშვილი არის დამოუკიდებელი მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ მე არ ვფიქრობ, მერაბიშვილმა იმოქმედოს ივანიშვილთან მიმართებაში სააკაშვილისგან დამოუკიდებლად და ამით შევიდეს განხეთქილება ხელისუფლებაში. მე ამას არ ველი”, – აღნიშნავს სოციოლოგი კაჭკაჭიშვილი.
პოლიტოლოგი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს გარკვეული ტაქტიკა აქვს არჩეული და ის ცდილობს, რომ მისი პოლიტიკა ერთი კაცის, სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართოს.
“ივანიშვილის მხრიდან, ჩემი აზრით, ტაქტიკური მიზეზია ის რომ, ის მერაბიშვილზე მკაცრ შეფასებებს ერიდება. ივანიშვილი არის სააკაშვილის მოწინააღმდეგე, სააკაშვილის მიმართ ხალხის სიძულვილზე, კოალიციის გაბრაზებაზე აფუძნებს თავის პოლიტიკურ კარიერას და არ უნდა, რომ ყურადღება გაიფანტოს სხვა პოლიტიკოსებზე საუბრით”, – მიიჩნევს ნოდია.
ის აქვე გამორიცხავს ამ ეტაპზე რაიმე კოალიციის შემნის შესაძლებლობას.
“საქართველოში ყველას და ყველაფერს შორის შეიძლება წარმოვიდგინოთ კოალიცია, მაგრამ იმის თქმა, რომ დღეს ივანიშვილი–მერაბიშვილი ფიქრობენ კოლიციაზე, ეს ნამდვილად ვერ წარმომიდგენია”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” ნოდია.
სოციოლოგი კაჭკაჭიშვილი კი არ გამორიცხავს კოალიციის შექმნას მხოლოდ სააკაშვილი–მერაბიშვილის ტანდემთან.
“თუ ორივე პოლიტიკურმა ცენტრმა გააცნობიერა, რომ ისინი არიან კონკურენტები მომავალი არჩევნებისთვის და შესაძლოა მოუწიოთ ძალაუფლებაში თანაყოფნა, ისინი შესაძლოა რაღაც თამაშის წესებზე შეთანხმდნენ, რასაც არ გამოვრიცხავ. ხოლო თუ ეს მოხდება, მაშინ ეს აუცილებლად მოხდება სააკაშვილი–მერაბიშვილის ტანდემში და არა სააკაშვილისგან დამოუკიდებლად. ისინი ერთობლივად მოილაპარაკებენ ივანიშვილთან, რის შესაძლებლობასაც არ გამოვრიცხავ”, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
ივანიშვილის პოზიტიური შეფასებები და განცხადებები ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან შეინიშნებოდა. 2011 წლის 12 ოქტომბრის განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი მერაბიშვილზე ამბობს: “რადგან სახელისუფლო გუნდზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე მინდა, მივმართო მერაბიშვილს, რომელსაც ვიცნობ, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას.
მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ.
მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით, თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას”.
ბიძინა ივანიშვილი 9 ივლისსაც მოერიდა ივანიშვილის გარკვეულ უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას და ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ “ვანო მერაბიშვილი დღევანდელ ხელისუფლებაში ერთ-ერთი მოაზროვნე პიროვნებაა”.
ვანო მერაბიშვილმა კი ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში 10 ივლისს გადაცემა “პოლიტმეტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა– “ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ”.
მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს იცნობს როგორც ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ქველმოქმედებას ეწეოდა და იმ პერიოდში ხშირად ხვდებოდა და ეხმარებოდა მას ამ ქველმოქმედების განხორციელებაში.