დღესვე ასევე ცნობილი გახდა, რომ წუხელ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა ქლორის გაჟონვისას მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე. მისი მდგომარეობა ინცინდენტის პირველივე წუთიდან კრიტიკული იყო. მის გარდა ქლორის გაჟონვის შედეგად ლილოს დასახლებაში 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა.
სამართალდამცავებმა ინცინდენტის მეორე დღესვე დააკავეს შპს ”კრისტალის” დირექტორი ლევან დაუთაშვილი. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის მიხედვით. დაკავებულს უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა.
კომპანია ”სენტინენელ ჯი ემ ჯის” დირექტორი თამარ დევიძე შპს ”კრისტალთან” და ქლორის გაჟონვის ფაქტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. მისი თქმით, ”სენტინენტალ ჯი ემ ჯი” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ქლორს მხოლოდ 2011 წლის 31 დეკემბრამდე აწვდიდა, 2012 წელს გამართულ ტენდერში კი შპს ”კრისტალმა” გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, როგორც კომპანიის დირექტორი ამტკიცებს, ”სენტინელ ჯი ემ ჯის” არანაირი კავშირი არ აქვს შპს ”კრისტალთან”, რომლის კუთვნილი ავზიდან გამოიფრქვა ქლორი და დაიღუპა ადამიანი.
”სენტინელ ჯი ემ ჯის” ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ კომპანია 2008 წელს დაფუძნდა, ამ დროიდან კი თანამშრომლობს სხვადასხვა წყლის კომპანიებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან და მათ აწვდის როგორც ქიმიურ ნივთიერებებს, ისე სამედიცინო აპარატურას. თხევადი ქლორის გარდა, ”სენტინელ ჯი ემ ჯი” კომპანიებს აწვდის მჟავას, კაუსტიკურ თხევად სოდას, სოდიუმის სილიკატს,სოდიუმ ჰიპოქლორიტს, ალუმინის სულფატს და ა.შ.
კომპანიის დირექტორ თამარ დევიძეს უჭირს იმ მიზეზზე საუბარი, რის გამოც დააკავეს გოჩა ყულეჯიშვილი. მისი დაკავების მიზეზებს ამჟამად კომპანიის ადვოკატი არკვევს. მას ბრალი, შპს ”კრისტალის” დირექტორის მსგავსად, წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტოქსიკური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსათვის საშიში სხვა ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას მისი წარმოების, ტრანსპორტირების, განთავსების, შენახვის, ჩამარხვის ან გამოყენების დროს, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს არსებითი დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
თუ ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან ადამიანთა მასობრივი დაავადება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.