ნეტგაზეთი | “ესაა დაბრუნება იქ, სადაც არასდროს ვყოფილვარ” – ბორის აკუნინი თბილისში “ესაა დაბრუნება იქ, სადაც არასდროს ვყოფილვარ” – ბორის აკუნინი თბილისში – Netgazeti

“ესაა დაბრუნება იქ, სადაც არასდროს ვყოფილვარ” – ბორის აკუნინი თბილისში

18 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) მკითხველს შეხვდა.

“თავისებური შეგრძნებაა – ეს არის დაბრუნება იქ, სადაც არასდროს ვყოფილვარ… საქართველოში გავატარე ჩემი ცხოვრების პირველი დაუვიწყარი თვე,” – ამბობს მწერალი.

ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და სამოქალაქო აქტივისტი გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა ცნობილი, 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში, დაიბადა და მოსკოვში გაიზარდა.

ბორის აკუნინის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. სწავლობდა რუსეთში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აქვს ისტორიკოსისა და იაპონიის მცოდნის დიპლომი. არის მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი ინგლისური და იაპონური ენებიდან. გამოქვეყნებული აქვს როგორც ესეისტიკა („მწერალი და თვითმკვლელობა“ 1999), ასევე, ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები („რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“, 2013-იდან დღემდე).

პირველი მხატვრული ნაწარმოები ბორის აკუნინის სახელით 1998 წელს გამოაქვეყნა. სხვადასხვა ფსევდონიმით არის 15-ზე მეტი წიგნის ავტორი. განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ მოუტანა ერასტ ფანდორინზე. მისი რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე და რამდენჯერმეა ეკრანიზებული.

2013 წელს დატოვა მოსკოვი. დღეს სამ ქვეყანაში ერთდროულად ცხოვრობს და მუშაობს, რადგან, როგორც მწერალი ამბობს,  ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი, წერისათვის შესაფერისი ატმოსფერო აქვს – ინგლისში ისტორიულ ნარკვევებზე მუშაობს, ესპანეთში- მხატვრულ ნაწარმოებებზე, საფრანგეთში კი, როგორც თავად უწოდებს, “სერიოზულ მხატვრულ მასალას” წერს.

“ქართულად მხოლოდ ორი სიტყვა ვიცი: სიყვარული და საწყალი. მგონია, თითქმის სულ ეს არის, რაც საჭიროა, რომ მწერალმა იცოდეს, იმიტომ, რომ ცხოვრება სულ ესაა – სიყვარული ძალიან საწყალი რამეა,” – ამბობს ბორის აკუნინი.

რუსეთში ქართული გვარის ტარებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა: სკოლაში მასწავლებლებს მისი გვარის კითხვა უჭირდათ, ამიტომ დაფასთან იშვიათად იხმობდნენ ხოლმე, მაგრამ ხშირად გვარის გამო სკოლაში ბულინგის მსხვერპლიც ხდებოდა. წლების შემდეგ კი “რუსეთის მთავარმა ბულერმა” (ამგვარად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოიხსენიებს) ხალხს განუმარტა, თუ რატომ იყო აკუნინი ხალხის მტერი და ეს მის ეთნიკური წარმომავლობასთან და ქართულ გვართან დააკავშირა.

მწერალთან შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო. 18.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მწერალთან შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო. 18.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“როდესაც წერა დავიწყე, მივხვდი, რომ სიტყვებს და სახელებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სახელს, რომელსაც მე გამოვიყენებდი, უნდა ჰქონოდა უფრო ღრმა მნიშვნელობა,” – ამიტომ რამდენიმე ვარიანტის შემდეგ შეირქვა აკუნინი, რაც იაპონურად “ცუდ კაცს” ნიშნავს: – “მე საკუთარ თავს ცუდ ადამიანად არ მივიჩნევ, თუმცა დაინტერესებული ვარ “ცუდი ტიპებით”, რადგან სწორედ ისინი არიან, ვინც პრობლემებს ქმნიან და ხდიან ცხოვრებას საინტერესოს.”

დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები, რომელთაც 8 ტომად გამოსცემს. 4 მათგანი მკითხველისათვის უკვე ხელმისაწვდომია. პროფესიით ისტორიკოსმა ისტორიულ ჟანრზე მუშაობა 2011-2012 წლებში განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა. ამ წლებში მოსკოვში სამოქალაქო მოძრაობის წევრი იყო და ქვეყნის ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის მოთხოვნით ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოდიოდა, თუმცა მოძრაობის მცდელობებმა უშედეგოდ ჩაირა. მიაჩნია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებში მხოლოდ ვლადიმერ პუტინის დადანაშაულება სწორი არ არის. რეალური მიზეზის მოსაძებნად კი ისტორიის გადახედვაა აუცილებელი:

“ისტორიის წერა იმიტომ დავიწყე, რომ ვაჩვენო, რამდენი ტყუილი და ლეგენდაა მასში; რამდენი მითია შექმნილი რუსეთის ისტორიის ინტერპრეტაციისას. ისტორიის სწავლება რუსეთში ყოველთვის იდეოლოგიურად დატვირთული იყო.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა რაღაც ძალიან “არარუსული”. მინდოდა, რომ დამეწერა ისტორია ემოციების გარეშე. ისტორია იმ ადამიანის თვალით, რომელიც ცდილობს ყველაფრის რაციონალიზაციას. ეს გააღიზიანებდა ბევრ ჩემს რუს მკითხველს. ისინი იფიქრებდნენ, რომ მე არ მიყვარს რუსეთი, მაგრამ სიყვარული მხოლოდ კომპლიმენტის თქმა არ არის. სიყვარული არის დახმარების სურვილი.

ისტორიის წერის პროცესში მეც თავიდან ვიგებ ყველაფერს ჩემს მკითხველთან ერთად – მათთან ერთად გავდივარ ამ გზას. ვიცოდი, რომ ჩემი მკითხველი არ იქნებოდა აღფრთოვანებული მხოლოდ ისტორიის კრებულის კითხვით, სწორედ ამიტომ, ამ წიგნების პარალელურად ვწერ მხატვრულ ნაწარმოებებს ამავე ისტორიულ პერიოდებზე და შემდეგ მათ ერთად გამოვცემ,” – ამბობს ბორის აკუნინი.

რუსეთში აქტივიზმი საბოლოოდ შეწყვიტა, რადგან თვლის, რომ რუსულ პილიტიკაში ამ ეტაპზე არაფერი შეიცვლება.

“რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არ გაამართლა საპროტესტო ტალღამ რუსეთში 2011-2013 წლებში: ქვეყნის მმართველს ჰქონდა საშუალება გაეკეთებინა სწორი არჩევანი და მან უარი თქვა ამაზე. მეორე მხრივ, ცოტა ადამიანი ითხოვდა ცვლილებებს. როდესაც 60 000 ადამიანი გამოვიდა მოსკოვის ქუჩებში, ეს იყო ყველაზე მასშტაბური შეკრება, რაც ქალაქის მოსახლეობის 1%-იც არაა,” – აცხადებს მწერალი. ამიტომ უმჯობესად მიაჩნია, თუ თავისი ნაშრომებით, ნაწარმოებებით შეეცდება იდეების ხალხამდე მიტანას.

მიაჩნია, რომ 2008 წელს, საქართველო-რუსეთს შორის მომხდარი ომის მთავარი დამნაშავე რუსეთია და ამ მხარემ მომხდარზე პასუხისმგებლობის 90% უნდა აიღოს. აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არქაული შეხედულებები აქვს და არ იცის მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების წარმართვა. მისთვის უცნაურია, რატომ ქმნის რუსეთი მეზობელი ქვეყნებისაგან მტრის ხატს.

ბორის აკუნინს სჯერა, რომ არსებობს რუსეთი, როგორც სახელმწიფო, რომელსაც ხელმძღვანელობს გარკვეულ პოლიტიკოსთა ჯგუფი და არსებობს რუსეთი, მნიშვნელოვანი კულტურით, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები.

თავის წიგნებში ბევრი ქვეყანა აღწერა, თუმცა არასდროს უხსენებია საქართველო. ამჟამად საქართველოში შემდეგი ნოველის იდეაზე სამუშაოდ ჩამოვიდა. ამბობს, რომ ყველა ლოკაციას, რომელსაც თავის ნაწარმოებებში აღწერს, დეტალურად სწავლობს. ამიტომ არ ფიგურირებს მის წიგნებში საქართველო, რადგან ამ ქვეყნის შესახებ არაფერი იცის. ცოდნაში მხოლოდ ინფორმაციას არ გულისხმობს, რომელსაც ნებისმიერ დროს ინტერნეტითაც მიიღებდა, მისთვის მთავარი ადგილდებარეობის შეგრძნება და გაგებაა.

ბორის აკუნინდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 18.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ბორის აკუნინს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 18.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, შეხვედრის დასასრულს ბორის აკუნინი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოვდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი