ახალი ამბები

გამოკითხულთა 71% ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება

10 ივლისი, 2012 •
გამოკითხულთა 71% ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება

ბიძინა ივანიშვილის ქართული პირადობის მოწმობის ქსეროასლი
ბიძინა ივანიშვილის ქართული პირადობის მოწმობის ქსეროასლი

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 71% არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს. ეს არის კვლევის შედეგი, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 10 ივლისს გამოაქვეყნა.

 

გამოკითხულთა 8% ეთანხმება ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, 17%-მა არ იცის, 4%-ს კი პასუხი არა აქვს კითხვაზე. მოსახლეობის 61%-მა იცის, რომ ივანიშვილმა მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, გამოკითხულთა 63% კი გაუმართლებლად მიიჩნევს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე უარის თქმას.

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ, 2011 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა №602 ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს. ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 27 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკატერინე ხვედელიძეს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ივანიშვილს კი არა. აღნიშნული გადაწყვეტილება ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა მათი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ 29 ივნისს არ დააკამყოფილა.

 

პარალელურად, ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სასამართლო დავის პარალელურად მიმართა და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მინიჭება. სამოქალაქე რეესტრმა ივანიშვილს განუცხადა, რომ უცხო ქვეყის მოქალაქეს(ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა) შესაძლოა მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭოს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო უწყებამ ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნა ურჩია, რაზეც ივანიშვილმა უარი განაცხადა.

 

NDI-ის მიერ გამოკითხული მოქალაქეების 15% ეთანხმება ივანიშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, 39% მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ორმაგი მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს, 42%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი, 4% კი ამ საკითხზე აზრის გამოთქმისგან თავს იავებს.

 

მკვლევარებმა გამოკითხულ ადამიანებს ასევე ჰკითხეს, თუ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, უნდა მიენიჭოს თუ არა მას უფლება, გამონაკლისის სახით მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში?

 

აღნიშნულს გამოკითხულთა 45% პასუხობს, რომ მან ეს გამონაკლისის შანსი უნდა გამოიყენოს, 17% ამბობს, რომ მან ამ შანსზე უარი უნდა თქვას, 34%-მა კი არ იცის.

 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე იმ უფლების გამოყენებებით, რომელიც მას 2012 წლის მაისის საკონსტიტუციო ცვლილებებით მიენიჭა.

 

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებით ევროკავშირის ყველა მოქალაქეს, რომელსაც ბოლო 5 წლის მანძილზე უცხოვრია საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის უფლება ეძლევა.

 

გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ მათ ამ ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ, 35% ამბობს, რომ იცოდა, 21%-ის თქმით, მათ ამ კითხვაზე პასუხი არ იციან. 

 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) მედიას ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები  თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში” 10 ივლისს წარუდგინა. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%. 

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი